თბილისში მოსახლეობის 60 %-ზე მეტს კომუნალური ვაუჩერი შეუმცირდება-ამის თაობაზე საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისი" საუბრობს. მათივე ინფორმაციით, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის კომუნალური სუბსიდიის გაცემის ახალი წესი დამტკიცდა.ირაკლი აბესაძის განცხადებით მოსახლეობის მძიმე სოციალური ყოფის, ინფლაციის, ფასების ზრდის ფონზე ეს განსაკუთრებით მავნებლური გადაწყვეტილებაა და კატეგორიულად მოუწოდებეს დავით ნარმანიას და ,,ქართულ ოცნებას" შეცვალონ მიღებული წესი და ნუ მოატყუებენ თბილისელებს.
"დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, მოხდა კომუნალური ვაუჩერის დიფერენცირება ოჯახის სულადობის მიხედვით. შედეგად: ერთსულიანი აბონენტები მიიღებენ 14.1 ლარს; ორსულიანი აბონენტები - 16.6 ლარს; სამსულიანი აბონენტები - 19.1 ლარს. აღსანიშნავია, რომ თბილისში აღრიცხული დაახლოებით 385 000 აბონენტიდან 238 000-მდე ოჯახი შედგება სამი ან ნაკლები წევრისგან. ანუ თბილისში მაცხოვრებელი მოსახლეობის (მათ შორის სოციალურად მძიმედ გაჭირვებული) 60 %-ზე მეტს კომუნალური ვაუჩერი შეუმცირდება", _ აცხადებენ საკრებულოს ფრაქციაში.