„უკრაინაში ვიზიტისას იქ ქართველების თანამდებობებზე დანიშვნაზე საუბარი იყო“

„უკრაინაში ვიზიტისას იქ ქართველების თანამდებობებზე დანიშვნაზე საუბარი იყო“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ვიქტორ დოლიძემ საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის დეტალებზე „პირველ პრესკლუბში“ ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც  დეპუტატები თედო ჯაფარიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით დარჩიაშვილი და თავად დოლიძე იყვნენ, კიევიდან გუშინ საღამოს დაბრუნდა.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მათ შეხვედრები ჰქონდათ როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათ კონსულტაციები გამართეს ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით. დეპუტატის განმარტებით, ქართულმა მხარემ უკრაინელ კოლეგებს ევროატლანტიკური კურსის მიმართულებით დახმარება შესთავაზეს.

ამასთან, ვიქტორ დოლიძემ დაადასტურა, რომ უკრაინაში გამართულ შეხვედრებზე ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინაში თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით საუბარი იყო.

„ქართული ოცნება“ იქნება თუ „ნაციონალური მოძრაობა“, მათ მომავალთან დაკავშირებით არ ვღელავ, მაგრამ საუბარი იყო. ზოგადად, ვინც არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“, თუ ჩვენი წარმომადგენელი, თუ რომელიმე ქართველი უკრაინის დემოკრატიული განვითარებისთვის რამეს გააკეთებს, მე მხოლოდ მივესალმები“, - განაცხადა დოლიძემ.

მან აქვე აღნიშნა, რომ უკრაინაში რთული ვითარებაა. დეპუტატის განცხადებით, მათთან ერთად ყოფნა და ამ რთული ვითარების გაზიარება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ზოგადად, უკრაინაში კომუნიკაციის ნაკლებობა იგრძნობა და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

ამასთან ვიქტორ დოლიძის განმარტებით, უკრაინაში სახელისუფლებო შტოებს შორისაც არის აზრთა სხვაობა.

„პარლამენტში რომ მიდიხარ, ცალსახად ამბობენ, რომ საჭიროა დსთ-სთან გამოსვლა და რუსეთთან ურთიერთობების მიმართულებით უფრო მკაცრი მოქმედებები. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ გვესმის სირთულეების, მაგრამ დსთ-დან გამოსვლა და რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა პრობლემებს უკავშირდებაო. მე პირადად ამ პოზიციას არ ვეთანხმები. როდესაც საჭიროა, გადამწყვეტი ნაბიჯებიც უნდა გადადგა. არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინის რუსეთთან შედეგზე ორიენტირებული საუბარი შესაძლებელია“, - განაცხადა დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებით დაკომპლექტებული დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში 19 იანვარს გაემგზავრა.