„საქართველო 1990-იანი წლების სიციალიას არ უნდა დაემსგავსოს“

„საქართველო 1990-იანი წლების სიციალიას არ უნდა დაემსგავსოს“

დეპუტატ ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ვაზაგაშვილების ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა „დაწყებული ზურა ვაზაგაშვილის დახვრეტიდან, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებით დამთავრებული“.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა დღეს „პირველ პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მომხდართან დაკავშირებულ ვერსიებზე საუბარი არ ისურვა.

 „ფორმა, როგორც ეს აქტი განხორციელდა, შემაშფოთებელია. საქართველო 1990-იანი წლების სიციალიას არ უნდა დაემსგავსოს. რაც შეეხება მკვლელობის აქტს, ვერაფერს გეტყვით. თუ ვინმეს ასახელებ, ამის საფუძველიც უნდა გქონდეს. კიევში ვიყავი ეს ამბავი რომ გავიგე. კაცი მივიდა შვილის საფლავზე, რომელიც დაუხვრიტეს და აფეთქებული იპოვეს, ეს არის ფაქტი. რაც შეიძლება დროულად უნდა გამოიძიონ ეს საქმე“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მან ფაქტთან მიმართებაში პროკურატურის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაც მოხდა, ამაზე სწრაფი რეაგირებაა აუცილებელი. 

„პროკურატურა როგორც მუშაობს, ყველამ კარგად იცის. პროკურატურა დღეს დაკავებულია იმით, რომ ალასანიას ებრძვის. ისიც ვიცით შოთაძე და ბადაშვილი რითიც არიან დაკავებულნი. ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვევა და არც ბადაშვილი იქნება პროკურორი და არც შოთაძე მოადგილე, მაგრამ უნდა დაფიქრდნენ. ახალგაზრდები არიან და მომავალზე უნდა იფიქრონ. ისინი ისე იქცევიან, როგორც ბიძინა ივანიშვილი დაავალებს“, - აღნიშნა დოლიძემ.

დეპუტატის განცხადებით, მან არაფერი იცის იმ საიდუმლო მოწმის შესახებ, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე მნიშვნელოვანი ჩვენება უნდა მიეცა.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) დაიწყო.