დონეცკის აეროპორტის განადგურებული ნაწილიდან გარდაცვლილი უკრაინელი სამხედროების გამოყვანა ვერ ხერხდება

დონეცკის აეროპორტის განადგურებული ნაწილიდან გარდაცვლილი უკრაინელი სამხედროების გამოყვანა ვერ ხერხდება

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის აეროპორტში მხოლოდ ძველი და ახალი ტერმინალები დატოვეს, აეროპორტის ტერიტორიის დიდი ნაწილი და თავდაცვითი პოზიციები კვლავ მათი კონტროლის ქვეშ არის, - ამის შესახებ ბატალიონ "მემარჯვენე სექტორის" წარმომადგენელმა უკრაინულ ტელეკომპანიასთან საუბრისას განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, აეროპორტის განადგურებულ ნაწილებიდან გარდაცვლილი უკრაინელი სამხედროების გამოყვანა ვერ ხერხდება, რადგან აეროპორტის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. 

"მემარჯვენე სექტორის" წარმომადგენლის თქმით, უკრაინელი სამხედროები ასევე აკონტროლებენ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკას, სპარტაკისა და პესკის ნაწილს. 

"უნიანის" ინფორმაციით, გუშინ დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე ბრძოლების დროს 6 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 19 კი დაიჭრა. 

უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის აეროპორტის ახალი ტერმინალის დატოვების შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.