რუსეთის კრიზისი ქართული წყლის 97 პროცენტიან ექსპორტსაც დააზარალებს

რუსეთის კრიზისი ქართული წყლის 97 პროცენტიან ექსპორტსაც დააზარალებს

2014 წელს მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტმა $137.1 მილიონი შეადგინა, რაც 2013 წელთან შედარებით 28%–ით არის გაზრდილი. აქედან, რუსეთში $66.4 მილიონის ექსპორტი განხორციელდა, რუსეთში ექსპორტი კი 2013 წელთან შედარებით, კი, 97%-ით არის გაზრდილი.

ამ მონაცემებიდან გამომდინარე, რუსეთის წილი, ქვეყნიდან მთლიანი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტში თითქმის ნახევარია - 48.4%.

საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია რუსეთის ფინანსურ - ეკონომიკური კრიზისის შესახებ -მკვეთრად გაუფასურებული რუბლისა და ევროკავშირისა და ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თავად კომპანიები ამაზე არ საუბრობენ, მოსალოდნელია, რომ რუსეთში არსებული კრიზისი იმ ქართულ კომპანიებზეც აისახოს, ვინც იქ ექსპორტს ახორციელებს.

რა მოლოდინები აქვთ კომპანიებს - ელიან თუ არა კრიზისს საკუთარ ბიზნესშიც? აპირებენ თუ არა რუსეთის ბაზრის ალტერნატიული ბაზრით ჩანაცვლებას? - „კომერსანტი" რამდენიმე კომპანიას ესაუბრა, ვინც რუსეთში ექსპორტს ახორციელებს. მათ შორის, „სნოსგან" ამ დრომდე ელოდება პასუხს.

კომპანია „წყალი მარგებელში" („ნაბეღლავისა და „ბახმაროს" მწარმოებელი) აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზარი 2013 წელს გაიხსნა, ძირითადი წყლების მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია ამ ბაზარზე 2014 წელს შევიდა, მათ შორის „წყალი მარგებელმაც" 2006 წლის ემბარგოს შემდეგ 2014 წელს განაახლა ექსპორტი.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეტაპობრივად ვითარდებიან და ორიენტაციას მხოლოდ რუსეთის ბაზრარზე არ აკეთებენ. ავითარებენ იმ ბაზრებს სადაც წარმოდგენილები არიან და მათ შორის ერთ-ერთ მიმართულებას - რუსეთს.

„წყალი მარგებელში" ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთში მთლიანი წარმოებული პროდუქციის 15-20% გადის.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „წყალი მარგებელში" აღნიშნავენ, რომ დინამიური განვითარება აქვთ დაგეგმილი, თუმცა რუსეთში ფინანსური პრობლემები და ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება შემაფერხებელია განვითარებისთვის და ამიტომ პროგნოზირება რთულია.

შევამცირებთ თუ არა რუსეთის ბაზრის წილს, ეს უკვე მუშაობაში გამოჩნდება, თუმცა, თუ ფინანსური პრობლემები - ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება გაგრძელდა, რა თქმა უნდა ჩვენი ექსპორტიც ამ მიმართულებით შემცირდება, თუმცა რადგანაც ჩვენ არ ვართ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული, განვავითარებთ სხვა მიმართულებებს და დავაბალანსებთ სიტუაციას, - აცხადებენ „წყალი მარგებელში".

ამასთან აღნიშნავენ, რომ კომპანიას პარტნიორული ურთიერთობები ისე აქვს ჩამოყალიბებული, რომ რუსეთის კრიზისის ასახვისგან დაცული იყოს, თუმცა, პარტნიორისთვის პრობლემის შექმნა, რა თქმა უნდა „წყალი მარგებლისთვისაც" არ არის კარგი და ამას ჩვენც ვგრძნობთ, - დასძენენ კომპანიაში.

IDS ბორჯომში („ბორჯომისა", „ლიკანის" , "მიტარბის" „ბორჯომის წყაროებისა"  და „ბაკურიანის"  მწარმოებელი ) აღნიშნავენ, რომ კომპანია ექსპორტს რუსეთის მიმართულებით ახორციელებს 2013 წლიდან, მას შემდეგ რაც გაიხსნა ბაზარი. ექსპორტის საერთო მოცულობაში კი რუსეთის წილი 30 - 35% -ს შეადგენს.

რაც შეეხება კომპანიის საექსპორტო პოლიტიკას, მათი თქმით, კომპანიის ბიზნეს სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება ბაზრების დივერსიფიცირებაა. სწორედ აქედან გამომდიანრე გაყიდვები გადანაწილებულია სტრატეგიულ და ნაკლებად სტრატეგიულ ქვეყნებს შორის.

სტრატეგიული ქვეყნები კი კომპანიის ცნობით, პოსტ საბჭოთა ქვეყნებია, ისეთი როგორიცაა უკრაინა, რუსეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და ა.შ.

IDS ბორჯომი, საქვეყნოდ ცნობილი ბრენდით „ბორჯომი"  დღესდღეობით მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.