ფასების ზრდა გრძელდება – იმპორტიორებმა ბავშვთა კვების პროდუქცია გააძვირეს

ფასების ზრდა გრძელდება – იმპორტიორებმა ბავშვთა კვების პროდუქცია გააძვირეს

ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება გრძელდება. იმპორტიორები აცხადებენ, რომ არსებული კურსის პირობებში პროდუქციის ფასების შენარჩუნება გაუჭირდებათ. მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია მედიკამენტების  გაძვირება, ასევე მნიშვნელოვნად „ურტყამს“ მომხმარებლის ჯიბეს ბავშვთა კვების პროდუქციის ფასების მატება. ბოლო დღეების განმავლობაში 60–დან 1,4 ლარით გაძვირდა ბავშვთა საკვები „ფრისო.“ პროდუქციის დისტრიბუტორ კომპანია „შარმ-ტრეიდინგში“ აცხადებენ, რომ მიზეზი ევროსთან მიმართებაში ლარის გაუფასურებაა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ამაში კატასტროფული არაფერია და ფასის მატებას წინა წლების დასაწყისშიც ჰქონდა ადგილი, თუმცა ლარის 

დასტაბილურებასთან ერთად ფასებმაც დაიწია. თუ ლარი წელსაც გამყარდა, როგორც კომპანიაში ამბობენ, ფასებიც შესაბამისად შეიცვლება. 

კომპანიაში ამბობენ, რომ ფასები ბავშვთა კვების სხვა პროდუქციაზეც გაიზარდა, რაც ბუნებრივია.

თუმცა ჯერჯერობით ფასები არ გაუზრდია „ჰუმანას“ ქართულ წარმომადგენლობას, სადაც აცხადებენ, რომ რამდენიმე პროდუქცია გასული წლის ნოემბერში გააძვირეს, რისი მიზეზიც ევროსთან მიმართებაში ლარის დევალვაციაა. მას შემდეგ ფასები არ შეცვლილა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ევროსთან მიმართებაში ლარის კურსი მკვეთრად არ დაცემულა, ამიტომ ფასების შენარჩუნებას ახერხებენ. ჯერჯერობით ასევე ნარჩუნდება ფასები „ნუტრილონზე.“


სრულ ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილის კვება ოჯახს, ბრენდის მიხედვით, 120–დან 200 ლარამდე უჯდება. „კომერსანტი“ დღის განმავლობაში შეეცდება გაარკვიოს, მოსალოდნელია თუ არა ლარის გუშინდელი გაუფასურების ფონზე მედიკამენტების გაძვირება, და ფასების რამდენპროცენტიან ზრდას უნდა ველოდოთ.შეგახსენებთ, ბოლო ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან 3-5 თეთრით დაეცა.

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე განისაზღვრა, რომ 23 იანვრისთვის ერთი დოლარი 1.9533-ის ნაცვლად 1.9847 ლარი ღირს. შესაბამისად, დოლარი 3 თეთრზე მეტით გაძვირდა. ერთი ევროს ფასი 2.2605-ის ნაცვლად 2.3076 ლარია. ლარის გაუფასურების გამო წლის დასაწყისიდან  კვების პროდუქტებზე ფასები უკვე გაიზარდა.  

ხოლო იმის შესახებ, რომ იანვრის ბოლოდან ყველა ტიპის პროდუქციაზე ფასები კიდევ გაიზრდებოდა, „კომერსანტთან“ საუბარში იმპორტიორები ჯერ კიდევ ლარის შედარებით მაღალი კურსის პირობებში აცხადებდნენ.

კომპანია „ჯი დი ჰოლდინგის" ხელმძღვანელი უტა მაზიაშვილი რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ ლარის კურსის მკვეთრი დაცემის გამო, ფასი გაიზრდება ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზეც, რადგან მწარმოებლებს ნედლეული სხვა ქვეყნებიდან შემოაქვთ.

„შარმ ტრეიდინგის" დირექტორის თქმით კი, იანვარში ფასების 5% ით გაძვირება მოუხდათ, ხოლო თუ ლარის კურსი 2 ნიშნულს არ ასცდება, ფასების მორიგი გაძვირება არ მოხდება. 

რაც შეეხება სავალუტო პუნქტებში არსებულ სიტუაციას, იქ დღეის მდგომარეობით დოლარის მაქსიმალური ღირებულება 2,00 ლარია.

ეკონომისტ ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, 2 იანვრიდან დღემდე მიმოქცევაში ფულის მასა შემცირებულია, დოლარო ევროსთან გამყარებულია 3.8%–ით, რაც არის კიდეც ლარის დევალვაციის მთავარი მიზეზი. მისი განცხადებით, ამ პროცესზე საბიუჯეტო ხარჯების გავლენა მინიმალურია. ამასთან, შემცირებულია გზავნილები და ექსპორტი, რაც  აისახა დეკემბრის კურსზე. ლექვინაძის აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს – წინ არის პარასკევი, შაბათი კვირა და, როგორც ამბობს, კარგი იქნება განცხადების გაკეთებაც, რომ ბაზარზე პანიკა არ შეიქმნას. 

„ვფიქრობ ეროვნული ბანკის მოქმედების დროა,“ – აცხადებს ლექვინაძე.