საქართველოში ფრენის უფლება პუტინის პირადმა ავიაკომპანიამ მოიპოვა

საქართველოში ფრენის უფლება პუტინის პირადმა ავიაკომპანიამ მოიპოვა

პუტინის კუთვნილი კომპანიები საქართველოს ყველა ფრონტიდან უტევენ, ხმელეთზე, წყალში და ჰაერშიც – აღნიშნავს „ბიზნესკურიერი“ და აცხადებს, რომ  "როსნეფტი’’ უკვე ფოთის პორტის ნავთობ ტერმინალის თითქმის ნახევრის მფლობელია. 

„ბიზნესკურიერის“ ცნობით, საიდუმლო მიმოწერაში რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის იმ კომპანიების ჩამონათვალიც მოხვდა, რომლებმაც საქართველოში ყოველდღიური ფრენების უფლება მოიპოვეს.

მათ შორის არის კომპანია "იუტეარი’’, რომელიც პუტინის პირად ავიაკომპანიად სახელდება და რომელსაც დასავლეთმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო სანქციები დაუწესა. 12 კომპანიას შორის არის ასევე სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი ,,ტრანსეარი’’, რომელსაც ,,გაზპრომის’’ და ,,როსნეფტის’’ სოლიდური დავალიანება აქვს და რომელიც რუსეთის ბიუჯეტმა ცოტა ხნის წინ რამდენიმე მილიონით დააფინანსა.

"დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის ზურგს უკან ქვეყნის საზიანო გარიგებების დადებას ოკუპანტ სახელმწიფოსთან. ჩვენი აზრით,  ყოვლად დაუშვებელია საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა იმ პირობებით, რომელსაც რუსეთი ახვევს თავს საქართველოს.

თუ შეთანხმება განხორციელდება, მაღალი ალბათობით რუსული, მათ შორის სახელმწიფოში არსებული  და პირადად პუტინის ავიაკომპანიები საქართველოს ბაზარზე  შემოვლენ დემპინგური ფასებით, რაც გამოიწვევს ქართული საავიაციო ბაზრის მთლიანად მიბმას რუსეთზე და ქვეყნიდან განდევნის სხვა უცხოურ გადამზიდავებს’’,– განაცხადა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.

რუსული მხარის მოთხოვნით,  საქართველოში ყოველდღიური რეისები 12 რუსულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ასეთ პირობებში მყოფ კომპანიებს ქართულ ბაზარზე ადგილობრივი და უცხოური ბიზნესი კონკურენციას ვეღარ გაუწევს და საერთაშორისო ფრენებს ქართულ საჰაერო სივრცეში მთლიანად რუსული კომპანიები ჩაანაცვლებენ, ანუ ყველა რეისი მოსკოვის, ან პეტერბურგის გავლით შესრულდება.

"ადგილი აქვს ალბათ ან ერთ შემთხვევაში წმინდა წყლის გარიგებას ქართულ და რუსულ მხარეს შორის, რაშიც სამწუხაროდ ალბათ ჩართულები არიან სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უშუალოდ ქართული მხრიდან, ან მეორეს მხრივ,  ჩვენ ვგულისხმობთ, რომ აქ ადგილი აქვს მიზანმიმართულ მცდელობას ქართული ავიაკომპანიის ამ შემთხვევაში "ჯორჯიან  ეარვეისის’’ გაკოტრების მცდელობის შესახებ’’– განმარტა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის’’ გენერალურმა დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა.

პუტინის პირადი და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიების გარდა თბილისში ის კომპანიაც დაფრინავს, რომელსაც ოკუპაციის კანონი არა ერთხელ დაურღვევია. "აეროფლოტის’’ თვითმფრინავით სოხუმის აეროპორტში რუსი სამხედროები ჩაყავთ, თუმცა მთავრობაში ამტკიცებენ, რომ "აეროფლოტი’’ ოკუპაციის შესახებ კანონს არ არღვევს.

"არ დაფრინავს "აეროფლოტი" აფხაზეთში’’,– განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

,,კონკრეტულად "აეროფლოტი" არ დფრენილა და არ აფრენილა ოკუპანტი ტერიტორიიდან და ცხინვალში სად დაფრინდება არვიცი’’– ამბობს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის  საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.

საქართველოში საქმიანობას  ,,აეროფლოტის’’  გარდა  ოკუპაციის კანონის დარღვევით  სხვა  რუსული კომპანიაც იწყებს. პუტინის კიდევ ერთმა მსხვილმა კომპანიამ ,,როსნეფტმა’’, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე დიდი ხანია ნავთობის მოპოვებას კანონდარღვევით აწარმოებს, ხელშეკრულება ,,პეტროკას ენერჯილიმიტედთან’’ გააფორმა. ამ გადაწყვეტილებით ,,როსნეფტი’’ ფოთის პორტის ტერმინალში საქმიანობას იწყებს, თუმცა ოპოზიცია ეჭვობს, რომ რუსული კომპანია მალე ბათუმის პორტსაც შეისყიდის და ამ გზით ქართულ საზღვაო სივრცეზე სერიოზულ კონტროლს მოიპოვებს.

,,შეხვედრა  გაიმართა ,,რუსნეფტისა’’ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის, კონკრეტულად კახა კალაძეს შორის და ამ შეხვედრაზე სწორედ საუბარი იყო ფოთის პორტის გარიგებასთან დაკავშირებით’’–განაცხადა  პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ,,როსნეფტთან’’ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ხელისუფლება წინასწარ ინფორმირებული იყო და ამას მედიის სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციაც მოწმობს. ხელისუფლებაში თავდაპირველად ბრალდებები წინამორბედების მისამართით გაისმა.

,,რუსები წინა ხელისუფლების მიერაა შემოყვანილი არა მარტო ნავთობის ბიზნესში, არამედ ძალიან ბევრ ბიზნესში. ამის ძალიან დიდი სია არსებობს და მოდით სხვის ბაღში კენჭების სროლას, საკუთარ ბაღში დათვალონ ჯობია’’– აბობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.

მმართველმა გუნდმა დუმილი არჩია და საკითხის შესწავლა სამ უწყებას დაავალა.

"ეს ტრანზაქცია ჩვენგან დამოუკიდებლად განხორციელდა. მე გავეცი დავალება და ეკონომიკის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და  საგარეო საქმეთა სამინისტრო  ერთობლივად სწავლობენ ამ საკითხის იურიდიულ მხარეს",–განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საზღვაო და საჰაერო სივრცის გარდა ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული, მოლაპარაკების დაწყებას ხელისუფლებასთან  ენერგო სისტემაზეც გეგმავს. სერგეი ბაღაფშის ყოფილი კომპანიის "ჩერნამორენერგოს" ხელმძღვანელობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "ენგურჰესი" აფხაზური მხარის კუთვნილება უნდა გახდეს და ამ თემაზე მოლაპარაკება ქართულ მხარესთან უკვე დაწყებულია. ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს.

"არანაირი მოლაპარაკებები  არ დაწყებულა და არ მიმდინარეობს’’–განმარტავს  ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე.