საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით მორიგ კონსულტაციებს გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ქვეყნის პირველი პირი დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებს შეხვდება. ირაკლი ალასანია და მისი თანაგუნდელები ავლაბრის რეზიდენციაში 15:00 საათზე მივლენ.
აღსანიშნავია, რომ დღესვე, "თავისუფალ დემოკრატებთან" შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს და კონფლიქტურ რეგიონებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიიღებს. საუბრის თემა ამჯერად რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის, ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება იქნება.
როგორც ცნობილია, ამ საკითხზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გასული წლის ბოლოს კონსულტაციები უკვე გამართა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.