ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის დუმა დღეს გეგმავს

ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის დუმა დღეს გეგმავს

"მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის სახელმწიფო სათათბირო დღეს განახორციელებს. ამის შესახებ აღნიშნული ორგანოს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. 

"22 იანვარს დსთ-ს საკითხთა კომიტეტი აპირებს შეთანხმების განხილვას წელს თავის პირველ საკომიტეტო სხდომაზე და შესთავაზებს "დუმას" 23 იანვრის სხდომაზე მისი რატიფიცირებისთვის გატანას", - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.

მისივე თქმით, შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.

კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება, პირველ რიგში, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემატიზაციას მოახდენს, რომელსაც საფუძვლად უდევს უკვე 80-მდე სხვადასხვა შეთანხმება. "რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთის გამარტივებამ ხელი უნდა შეუწყოს, ასევე, აფხაზეთში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას, სადაც ყოველწლიურად, მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე ისვენებს", - განაცხადა სლუცკიმ.