"ახალი ბერლინის კედელი სამყაროს არ სჭირდება"

აშშ-ის ელჩი ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებში USAID-ს მიმდინარე პროექტებს გაეცნო. ელჩის თქმით, ძალზედ ტრაგიკულია, როდესაც ხელოვნური ბარიერები ყოფენ ადამიანებს.

"სოფელ ქვეშში ჩვენი ჩამოსვლის მიზანია, ყურადღება გავამახვილოთ იმ ადამიანის პრობლემების მიმართ, რომელიც საზღვრის ორივე მხარეს ცხოვრობენ. USAID მხარს უჭერს მცირე საწარმოების პროექტებს, რომლისგანაც მოსახლეობა სარგებელს იღებს. იმედგაცრუებას იწვევს ის ფაქტი, რომ ასე ახლოს ვართ ცხინვალთან და შეუძლებელია საზღვრის გადაკვეთა. საქართველოს ამ ტერიტორიაზე ვმუშაობდი 1993 წელს, როდესაც ეუთო-ს წინამორბედ ორგანიზაციაში ორგანიზაციის სახელით მიხდებოდა აქ ყოფნა და ვთვლი, რომ ძალზედ ტრაგიკულია, როდესაც ხელოვნური ბარიერები ყოფენ ადამიანებს. მიუხედავად ამისა, პოლიტიკურ დონეზე მიმდინარეობს საუბრები და გამოსავლის ძიება. აუცილებელია, უზრუნველყოფილი იყოს ამ ადამიანების ყოველდღიური კონტაქტი - მიეცეთ მათ ურთიერთობის საშუალება. ახალი ბერლინის კედელი სამყაროს არ სჭირდება",-განაცხადა აშშ-ის ელჩმა.