"თავისუფალმა დემოკრატებმა" დიპლომატებთან საგარეო საკითხებზე და ე.წ. კაბელების საქმეზე ისაუბრეს

"თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ,,თბილისი მერიოტში“ დახურულ ფორმატში წარიმართა. საუბარი შეეხო პარტიის სამომავლო გეგმებს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. შეხვედრას ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე, ვიქტორ დოლიძე, დავით ზალკალიანი და ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა, საუბარი შეეხო პარტიის სამომავლო გეგმებსაც.

"დაინტერესება ძალიან დიდია იმის თაობაზე თუ როგორც მიდის "თავისუფალი დემოკრატების" მიერ მომავალი არჩევნებისთვის მზადება. დეტალურად ვისაუბრეთ უსაფრთხოების გარემოზე და იმ პრობლემებზე, რომელიც უსაფრთხოების კუთხით საქართველოს დაუდგა. ვისაუბრეთ ასევე რუსეთზეც, შევეხეთ ასევე საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მოწადინებულია, რომ მხარი დაუჭიროს ისეთი გარემოს შექმნას ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ყველა ოპოზიციური ძალისთვის გახსნის სივრცეს რეალურად კონკურენტულ გარემოში ყოფნისა და იმისა, რომ მოემზადოს არჩევნებისთვის. განსაკუთრებით საუბარი იყო კონკრეტულ ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე, რის გარეშეც პოლიტიკის კეთება წარმოუდგენელი იქნება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რომ ე.წ. კაბელების საქმე ეს არის პირდაპირი პოლიტიკური შეკვეთა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უდანაშაულო ადამიანები დღემდე ციხეში სხედან.

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, დიპლომატიური კორპუსი განსაკუთრებით დაინტერსებულია იმ პროცესებით რაც საქართველოში მიდის და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით მიმდინარე პრობლემებით.

"ჩვენ განვიხილეთ შიდა პოლიტიკური ვითარება, ჩვენი პარტიის "თავისუფალი დემოკრატების" საქმიანობა, რეგიონებში და საკრებულოებში ჩვენი პარტიის წევრებისადმი დამოკიდებულება და ჩვენი სამომავლო გეგმები. ასევე შეხვედრის თემა იყო რეგიონული უსაფრთხოების საკითხი ჩვენს ქვეყანაში, მზარდი რუსული აგრესიისა და რუსული პროპაგანდისტული მანქანის საქმიანობის პირობებში საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ინსტიტუტების მხრიდან ადეკვატური პასუხის აუცილებლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვახდინეთ დიპლომატების ინფორმირება ე.წ. კაბელების საქმეზეც. მათ აქვთ ძალიან დიდი ინტერესი და ძალიან ყურადღებით ადევნებენ თვალს ყველა ამ პროცესს, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ პრობლემებს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.