"ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა განვამტკიცოთ კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "მსოფლიო ლიდერებთან ერთად არაფორმალურ შეხვედრაში" მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე სტრატეგიული კონკურენციის ახალ გლობალურ კონტექსტზე ისაუბრეს.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო თვეებსა და წლებში მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა; აგრესიული სეპარატიზმის, სახელმწიფოთაშორისი და შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების ახალი ტალღები, ასევე ტერორიზმის მზარდი საშიშროება და სხვა გლობალური მნიშვნელობის პრობლემები საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებათა ძირეულ პრინციპებს.

“საქართველოში ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დემოკრატიის გაძლიერება არის ჩვენი საზოგადოების სტრატეგიული პრიორიტეტი და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა ჩვენს ქვეყანაში განვამტკიცოთ ძირითადი თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის ცენტრში, იქნება ეს სახელმწიფოთაშორისი თუ შიდასახელმწიფოებრივი ურთიერთობები. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ მხოლოდ დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, რომლებიც თავისუფლად განსაზღვრავენ თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ერთიანდებიან ალიანსებში და კავშირებში, შეუძლიათ ისეთ თანამშრომლობაში მონაწილეობა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა დაინტერესებული მხარის საჭიროებებს”, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

“მსოფლიო ლიდერთა არაფორმალურ შეხვედრას” სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი პროფესორი კლაუს შვაბი, ეუთო-ს გენერალური მდივანი, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი და მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.