"მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას გაერო-ს ქარტიით განსაზღვრული ფუნდამენტური პრინციპები"

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც უკრაინაში არსებულ კრიზისს დაეთმო, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.

გაერო-ში აშშ-ის ელჩის სამანტა პაუერის განცხადებით, „სახიფათოა, რომ რუსეთის ქმედებები "ახალ ნორმად" იქცა.

"ჩვენ ეს სტრატეგია მანამდე ვნახეთ ყირიმში, ხოლო უფრო ადრე - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ასევე დნესტრისპირეთში. მოსკოვის მიერ ინსპირირებული ყველა კრიზისი ერთმანეთის მსგავსია: ჩამოაჭრა მეზობელ ქვეყანას ტერიტორია და აქციო ის გაყინულ კონფლიქტად",- განაცხადა გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. 

მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებაზე გაამახვილა ყურადღება გაერო-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ გრანტმა.

მან აღნიშნა, რომ ე.წ. ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის უკვე მოეწერა ხელი, ხოლო ის ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ხელმოსაწერად მზადდება, წარმოადგენს „მეზობელი ქვეყნის შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის მოდელს  და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ ხელყოფას".

საქართველოს საკითხი წინ წამოსწია ასევე გაერო-ში ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა.

კერძოდ, მან აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბრის შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მაგივრად, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას და აღნიშნულის შენიღბვას მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებით ცდილობს.

„მოვუწოდებთ რუსეთს, დაიცვას გაერო-ს ქარტიით განსაზღვრული ფუნდამენტური პრინციპები და შეწყვიტოს ექსპანსიონისტური და რევანშისტული პოლიტიკა, რომელიც სიტუაციის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული", - განაცხადა ლიტვის ელჩმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.