წკიპურტები

წკიპურტები

განათ(ლ)ებული ამერიკა და საქართველო
როგორც ცნობილია აშშ-ში 20 მილიონზე მეტი წერა-კითხვის უცოდინარია, ანუ თითქმის 10% მოსახლეობისა არის გაუნათლებელია.
მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანაში, წესით, ეს პრობლემა, დიდი ხანია გადაჭრილი უნდა იყოს

(ღარიბმა საბჭოთა კავშირმა ეს კარგად მოახერხა), მაგრამ, როგორც ჩანს, ამით დიდ დაინტერესებას არც დემოკრატები იჩენენ და არც რესპუბლიკელები. ეს არც თუ ისე ძნელი ასახსნელია. რაც მეტი გაუნათლებელი ადამიანია ქვეყანაში, მით უფრო ნაკლებია მათგან მომდინარე პოლიტიკური და კულტურული პრობლემები. ჩვენც, ცხადია, კარგში კი არ ვბაძავთ ამერიკას, არამედ ამ ნაწილში.

ბოლო ხანებში საქართველოშიც გამოჩნდნენ წერა-კითხვის უცოდინარი ქართველები. თანამედროვე ქართული სასკოლო და უმაღლესი განათლების რეფორმაც ამ მიმართულებით ვითარდება – ბავშვებს ვერც სკოლა და ვერც უმაღლესი სასწავლებელი სათანადო ცოდნას ვერ აძლევს. ეს დაწესებულებები სავსეა ანაციონალური მოძრაობის აქტივისტებით.

მასწავლებლებიც და პროფესორების დიდი ნაწილი დაშინებულია, მათ უზღუდავენ თავისუფლებას ე.წ. სილაბუსებითაც (სასწავლო გეგმა), რომლის შედგენას ლამის ერთი წელია ჯერჯერობით უმაღლესი სასწავლებლები წარუმატებლად ცდილობენ.

აკრედიტაციებს მხოლოდ ბობოლა ხალხის მიერ გახსნილ უმაღლეს სასწავლებლებს აძლევენ, სადაც ბავშვებს ეროვნული გამოცდების შემდეგ ძალით ერეკებიან. როგორც კინოფილმ “შერეკილებშია” ნათქვამი, ჩვენ ამ ცოდნით ვერ გავფრინდებით.

მალე მოგვიწევს დიმიტრი ყიფიანისა და ილია ჭავჭავაძის მიერ შექმნილი “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ხელახლა აღორძინება.

ცვლილებები უფრო სწრაფად შეიძლება მოხდეს, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია
ბოლო ხანებში ჩვენში მკვიდრდება პესიმისტური განწყობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს მართლაც წარმოუდგენელი ჩანს, მაგრამ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, გონიერი წინამძღოლების შემთხვევაში იმ პრობლემის ადგილიდან დაძვრა და შემდეგ რამდენიმე წელიწადში მოგვარება შეუძლებელი აღარ იქნება.

დღეს მსოფლიოში ძალიან სწრაფი ცვლილებები მიდის, უახლოეს წლებში მოსალოდნელია რამდენიმე ომი, რამაც შეიძლება თავდაყირა დააყენოს სამყარო და ყველაფერი რადიკალურად შეცვალოს (სსრ კავშირის ასე სწრაფად დანგრევას ყველაზე ოპტიმისტი დისიდენტებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, მაგრამ ეს მოხდა, ახლა კიდევ უფრო დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი). ამისთვის ახლავე უნდა დავიწყოთ მზადება, მათ შორის - საკანონმდებლო დონეზე. ზოგიერთ ქვეყანას (მაგ. რუსეთს) კონსტიტუციაში აქვს დებულება, რომლითაც ნებადართულია რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შესვლა იმ სუბიექტებისთვის (მაგ. იგივე აფხაზეთი, “სამხრეთ-ოსეთი” და ა.შ.), რომლებიც ესაზღვრებიან რუსეთს და სურვილს გამოთქვავენ მასთან შესაერთებლად საერთაშორისო სამართლის საფუძველზე (ასევე, სულ მალე პუერტო-რიკომ შეიძლება უარი განაცხადოს დამოუკიდებლობაზე და აშშ-ს 51-ე შტატი გახდეს).

არ არის გამორიცხული, სიტუაცია მკვეთრად აირიოს ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც და საქართველოს მიეცეს ძველი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შანსი (ეს ტერიტორიები 1921-28 წლებში წაგვართვეს რუსებმა და თურქეთს, აზერბაიჯანს და სომხეთსაც მოღალატე ქართველების დახმარებით დაურიგეს). ამიტომ ეს ნორმა კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა იყოს და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ კიდეც ( შეიძლება ვინმემ ჩაიცინოს, ნეტა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაგვაბრუნებინა და სხვას აღარ ვჩივითო, მაგრამ ერში ასეთ იდეალებზე ფიქრი არ უნდა შესუსტდეს და შინაგანი მზადყოფნაც უნდა გვქონდეს საამისო).

ვეტოს უფლება უნდა გაუქმდეს
ყველასთვის ცნობილია ის ორმაგი სტანდარტები, რაც დამკვიდრებულია საერთაშორისო ურთიერთობებში. შელახულია მთავარი-ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის უფლება და მათზე წინ ძლიერი ქვეყნები მოჩვენებითად აყენებენ ადამიანის უფლებების დაცვას არა თავის, არამედ სხვა ქვეყანაში და იქ ამ საბაბით ჯარები შეჰყავთ (აფხაზეთი, “სამხრეთ ოსეთი”, ავღანეთი, ერაყი, ლიბია, კვიპროსი და ა.შ). ის, რაც ნებადართულია აშშ, რუსეთის და სხვა დიდი ქვეყნებისათვის, მას უკრძალავენ პატარა და ხშირად საკმაოდ მოზრდილ ქვეყნებსაც. ამისთვის ხშირად იყენებენ გაერო-ში მოქმედ ვეტოს უფლებას დიდი ხუთეულისთვის (აშშ, რუსეთი, ინგლისი, საფრანგეთი, ჩინეთი). თუ გვინდა რომ ქვეყნები მართლაც თანაბარ პირობებში ჩადგნენ, სწორედ ეს ვეტოს უფლება უნდა გაუქმდეს და ყველას ყველაფერი მოეთხოვოს.

თანამდებობის პირები საშუალო განათლებით
ე.წ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოქმედი ნორმების თანახმად დღეს რაიონის გამგებლად ან მოადგილედ შეიძლება დაინიშნოს ადამიანი, რომელსაც აქვს საშუალო განათლება და შეუსრულდა 18 წელი.

მალე ეს ნორმა, ალბათ, გუბერნატორებსაც შეეხებათ და მომავალში კი - მინისტრებს, რომელთაგან ბევრს საეჭვო წარმომავლობის უმაღლესი სასწავლებლების დიპლომები აქვს. მთავარია უფროსის ერთგულები იყვნენ და გაუნათლებლობა დიდი მინუსი არ იქნება.

კუტუნიო – მესამედ
ამ რამდენიმე წლის წინ “მკერავი ქალბატონის თხოვნით” ბათუმშიტოტო კუტუნიოს მეორედ ჩამოყვანა 362 ათასი ლარი დაჯდა. საინტერესოა, ახლა ვისი თხოვნით ჩამოიყვანეს ტოტო კუტუნიო გლდანში და რა დაუჯდა ჩვენი გადასახადის გადამხდელებს მისი სტუმრობა? ამ ფულით, თქვე მართლა ქინძებო, ნიკო ნიკოლაძის – უდიდესი და უგონიერესი ქართველის 20 ტომეული თავისუფლად გამოიცემოდა (ჯერ მხოლოდ 9 ტომია გამოსული)

შეძახილმა ხე გაახმო
ბოლო წლებია, რუსთავი–2 ჰომოსექსუალური და ლესბოსური იდეების ქადაგების ბუდედ იქცა. დამკვეთები დაჟინებით ცდილობენ ქართულ ცხოვრებაში ამ იდეების შეპარებას და დამკვიდრებას, უფრო ხშირად იუმორის ფორმით.

ამისთვის წარმატებით იყენებენ „კომედი შოუს“, „თქვენი შოუს“ და „ვანოს შოუს“ ბიჭებს. ამ ახალგაზრდებს მანჭვა-გრეხვის ნიჭი საკმაოდ აქვთ, თუმცა ჯანსაღი იუმორის ნაცვლად მაყურებელს ხშირად იაფფასიან, ჰომოსექსუალური იდეებით უხვად შეზავებულ უგემოვნო სიუჟეტებს შეასაღებენ ხოლმე. უბედურება ისაა, რომ მათ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ბაძავს და ლამისაა სანიმუშო ხალხად თვლის.

მე მინდა მივმართო ამ ახალგაზრდებს: გვითხარით, ვინ გიკვეთავთ ამ სიუჟეტებს და რატომ გინდათ, რომ საზოგადოება ჰომოსექსუალებად (ცისფერებად) აღგიქვამდეთ? ხომ გაგიგონიათ, შეძახილმა ხე გაახმოო. რატომ იგდებთ ფულის გულისთვის თავს უხერხულობაში? ხალხი თქვენზე უკვე სხვანაირად ფიქრობს.

P.S. ჰომოსექსუალური იდეებით და სერიალებით რუსთავი-2-ს არც “იმედი” ჩამორჩება. სხვა ტელევიზიებიც ბევრს სცოდავენ  ამ მიმართულებით. საქართველო აშშ და ჰოლანდია არ არის, კარგად დაიმახსოვრეთ ეს, თქვე ბითურებო!

როდის მიგვიღებენ ნატოში?
მას შემდეგ, რაც ნატომ ალბანეთს მაპი მიანიჭა, 9 წელმა განვლო და მხოლოდ მე-10 წელს მიიღეს ალბანეთი ნატოს სრულფასოვან წევრად და ისიც იმიტომ, რომ ოპოზიციამ შეძლო და არჩევნებში წარმატებას მიაღწია. ხელისუფლება ხშირად გვახსენებს, რომ ნატოში შესვლა მათი უპირველესი პრიორიტეტია. მაშინ, ბატონებო, ჩაატარეთ მართლაც თავისუფალი არჩევნები (სადაც გამარჯვებული, სავარაუდოდ, ივანიშვილი გამოვა) და საქართველოს მაპსაც მიცემენ და ნატოშიც მიიღებენ.

თუ ოპოზიცია არჩევნების გზით არ მოვა ხელისუფლებაში, არც მაპი გვეღირსება, არც ნატო და არც ევროკავშირი. ახლა, თქვენ თვითონ მიხვდით, ვინ უშლის ხელს საქართველოს ნატოში შესვლას - ხელისუფლება თუ ივანიშვილი!

რატომ გვეზიზღება მშობლიური ენა?
დღევანდელი ქართული საზოგადოება მშობლიური ენისადმი უპატივცემულობას ყოველ ნაბიჯზე ამჟღავნებს. ყველა ვცოდავთ ამ კუთხით, ხელისუფლება კი პირდაპირ დანაშაულს ჩადის. მაგალითად: საქართველოში მობილური ტელეფონებისთვის გამოიყენება ლათინური შრიფტი, მაშინ, როცა სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში და ყველა მეზობელ ქვეყანაში ამისთვის ეროვნულ საანბანო შრიფტებს იყენებენ. ამის შედეგია ის, რომ ჩვენი ახალგაზრდების დიდ ნაწილს ლათინური ასოებით უფრო ემარჯვება აზრების ჩაწერა, ვიდრე ათასწლოვანი და მრავალჭირგამოვლილი ქართული შრიფტით. იგივე ითქმის კომპიუტერებზეც. აქამდე ვერ მოხერხდა ქართული პროგრამების შექმნა და დანერგვა ამ  მიმართულებით.