პუტინი პოროშენკოს „სამშვიდობო გეგმას“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითზე სთავაზობდა

პუტინი პოროშენკოს „სამშვიდობო გეგმას“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითზე სთავაზობდა

გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა უკრაინის საკითხზე გამართულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინის პრეზიდენტს „სამშვიდობო გეგმას" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითზე სთავაზობდა.

პაუერის თქმით, რუსეთის გეგმა ითვალისწინებდა სეპარატისტების მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაკანონებას, ასევე რუსული პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას.

„ჩვენ უკვე ვნახეთ ასეთი „სამშვიდობო გეგმები" მანამდე. ეს იყო აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში", - განაცხადა პაუერმა.

მისი თქმით, როდესაც პოროშენკომ უარი განაცხადა პუტინის ამ წინადადებაზე, რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული მშვიდობის მიღწევაში.

„პუტინის ამ „სამშვიდობო გეგმას" თავისი სახელი უნდა ვუწოდოთ - ეს არის უკრაინის ოკუპაციის რუსული გეგმა", - განაცხადა პაუერმა.