ავთანდილ ბერიძის მორიგი შესყიდვა - 112 905 ლარი Prado-ს შეკეთებისთვის

ავთანდილ ბერიძის მორიგი შესყიდვა - 112 905 ლარი Prado-ს შეკეთებისთვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, საბჭო გეგმავს, 2008 წლის გამოშვების Toyota Land Cruiser Prado-ს შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის დახარჯოს 8000 ლარი - 112 905 ლარიანი პრეისკურანტიდან. სახელშეკრულებო ღირებულება 8000 ლარს შეადგენს. ინფორმაციაზე სტატიას, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე არის განთავსებული სააგენტო "აიპრესი" აქვეყნებს.

სულ აღნიშნული ავტომობილის 231 ნაწილია ჩამოთვლილი. დოკუმენტაციაში ასევე მოცემულია ნაწილების ფასები და მომსახურების გაწევის ღირებულება. სააგენტო აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის უფროსს ბესარიონ შერვაშიძეს დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნული ტენდერის გამოცხადების შესახებ მას ინფორმაცია არ გააჩნია. "ამ ტენდერის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თუ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასეთი ტენდერი გამოცხადდა, ის სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე უნდა იყოს განთავსებული", - განაცხადა შერვაშიძემ.

საინტერესოა, რომ ამავე წლებში გამოშვებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, კერძოდ ოთხ 2008 წელს გამოშვებულ Toyota Corolla-ს ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებაზე ბათუმის საკრებულო გეგმავს დახარჯოს 15 000 ლარი 33 667 ლარიანი პრეისკურანტის მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულება კი 15 000 ლარს შეადგენს. ამ შემთხვევაში საუბარია ოთხ მანქანაზე. აღნიშნული ტენდერი 20 იანვარს გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და მისი თავმდჯომარის შესყიდვები არაერთხელ გამხდარა რეზონანსული თემა. მაგალითად 2014 წლის დასაწყისში გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ახალი მოდელის 83 000 ლარის ღირებულების "ტოიოტა პრადოს" შესყიდვას აპირებდა, ტენდერის გახმაურების შემდეგ გაუქმდა. როგორც ცნობილია, ავთანდილ ბერიძე ამ დრომდე სარგებლობს სახაზინო ძვირადღირებული ავტომანქანის მომსახურებით.