„მე ვიცი ვინ არის ის მოწმე, ვიზეც იური საუბრობდა, ვიცი სად იმყოფება და რა ინფორმაციას ფლობს“

„მე ვიცი ვინ არის ის მოწმე, ვიზეც იური საუბრობდა, ვიცი სად იმყოფება და რა ინფორმაციას ფლობს“

ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის „საზარელი და ცინიკური მკვლელობა მის ჩამდენებს იმედს უჩენდა, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის სურვილს საქართველოში სამუდამოდ მოკლავდნენ“.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, მკვლელებს ეგონათ, რომ ეს იქნებოდა გამაფრთხილებელი სიგნალი მათთვის, ვინც სამართლიანობისთვის ბრძოლის იდეას უძღვნის ცხოვრებას.

„მინდა ჩვენი მტრები გავაფრთხილო, რომ  იურის მოკვლით მოგვაყენეს ტკივილი, მაგრამ ვერ გაგვაჩერებენ“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

დეპუტატმა იმ საიდუმლო მოწმის შესახებაც ისაუბრა, რომელზეც გარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილი საუბრობდა და რომელსაც ზურა ვაზაგაშვილის საქმეში მნიშვნელოვანი ჩვენება უნდა მიეცა.

„მე ვიცი ვინ არის ის მოწმე, ვიზეც იური საუბრობდა. ვიცი სად იმყოფება და რა ინფორმაციას ფლობს. თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გვარების დასახელება შეიძლება არასწორი იყოს. ჩემი ინფორმაციით, პროკურატურამ ეს მოწმე უკვე დაკითხა და ზურა ვაზაგაშვილის საქმის უახლოეს პერიოდში გახსნას წინ აღარაფერი უდგას. მე ეს ინფორმაცია იური ვაზაგაშვილისგან მაქვს, რომელსაც 18 იანვარს ვესაუბრე. ასე რომ, ეს საქმე ასე ვერ დასრულდება. იურის მეგობრები და ახლობლები ცოცხლები ვართ და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან განვიცდი, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იური ვაზაგაშვილის 2 წელი დასჭირდა, რომ შვილის საქმის გამოძიება ხელშესახებ შედეგებამდე მისულიყო. თუ აღმოჩნდა, რომ ძალოვან უწყებებში არიან პირები, ვინც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელებს ხელს აფარებდნენ, სერიოზული პროცესები წავა და შეიძლება საკადრო ცვლილებების წინაშეც დავდგეთ. თუ არიან ის ადამიანები, ვინც ზურა ვაზაგაშვილის საქმეს ხელს აფარებდნენ, ისინი უნდა გამოვლინდნენ და დასასჯელები არიან არა მხოლოდ ეს ხალხი, არამედ ისინიც, ვინც ეს ხალხი თანამდებობებზე დანიშნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ერთი საქმის გახსნა არაფერს ნიშნავს“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილმა იური ვაზაგაშვილის საქმეში დამნაშავე პირების სამი სავარაუდო მოტივი დაასახელა. მისი თქმით, ადგილი აქვს ტერორისტულ აქტს, ან სხვა დანაშაულის დაფარვის მიზანს ან და საზოგადოების დაშინებისა და დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობას.

„პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის საქმე სწორად დააკვალიფიცირა, იგულისხმება განზრახ მკვლელობის მუხლით საქმის გამოძიების დაწყება. იყო ეს ტერაქტი თუ სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი მკვლელობა  - ორივე შემთხვევაში სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული“, - განაცხადა დეპუტატმა.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ახლობლის გასვენებაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც შვილის საფლავზე ყვავილების გამოცვლა გადაწყვიტა. აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა. აფეთქების შედეგად იური ვაზაგაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა.

პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) დაიწყო.