"ნორმანდიის ოთხეული" აღმოსავლეთ უკრაინიდან მძიმე შეიარაღების გაყვანაზე შეთანხმდა

"ნორმანდიის ოთხეული" აღმოსავლეთ უკრაინიდან მძიმე შეიარაღების გაყვანაზე შეთანხმდა. უკრაინული მედიის ცნობით, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ყველა მხარეს მოუწოდებენ, შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები და მინსკის მემორანდუმის შესაბამისად, მძიმე შეიარაღება სადემარკაციო ხაზიდან გაიყვანონ. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბერლინში შეკრებილმა ოთხი ქვეყნის მინისტრმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ არ სრულდება მათი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. 
"დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ცეცხლი და აღდგეს სიჩუმის რეჟიმი", - ნათქვამია უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში. 

მინისტრები ასევე ხაზს უსვამენ, რომ მინსკის შეთანხმების პირობების შესრულება აუცილებელია ასტანაში, ოთხი ქვეყნის ლიდერის შეხვედრამდე.