როდესაც მუსლიმური სამყარო დუმს და გაყოფილია, სხვები ტერორისტები ხდებიან

როდესაც მუსლიმური სამყარო დუმს და გაყოფილია, სხვები ტერორისტები ხდებიან

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მუსლიმურ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ტერორიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ ერთად გამოვიდნენ.

"ჩვენ სხვადასხვა ენებზე ვსაუბრობთ, სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ და შესაძლოა, სხვადასხვა ეთნიკური ფესვები გვაქვს, მაგრამ გვერდით უნდა გადავდოთ ყოველგვარი განსხვავებები, როდესაც ტერორიზმისა და რასიზმის წინაშე ვდგავართ. როდესაც მუსლიმური სამყარო დუმს და გაყოფილია, სხვები ტერორისტები ხდებიან", - განაცხადა ერდოღანმა სტამბულში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საპარლამენტო კავშირის მე-10 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთის ლიდერის განცხადებით, მუსლიმებისა და ისლამური ქვეყნების დაკავშირება ტერაქტებთან არ შეიძლება. მანვე მუსლიმურ სამყაროს თვითკრიტიკისკენ მოუწოდა მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.

ამ პრობლემებს შორის ერდოღანმა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დაასახელა, რომელსაც ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიები აქვს დაკავებული და ისლამის სახელით მუსლიმებს ხოცავს. "უცხოელები ჩამოდიან მუსლიმურ ქვეყნებში დაბომბვისთვის და მოსაკლავად. რატომ ვუტოვებთ პრობლემებს სხვებს იმის ნაცვლად, რომ ეს პრობლემები ჩვენ თავად მოვაგვაროთ?!" - განაცხადა ერდოღანმა.