ყველა შერლოკ ჰოლმსი გახდა, თუ რამე კონკრეტული ინფორმაცია გააჩნიათ, გამოძიებას მისცენ ჩვენება

ყველა შერლოკ ჰოლმსი გახდა, თუ რამე კონკრეტული ინფორმაცია გააჩნიათ, გამოძიებას მისცენ ჩვენება

"სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ფირცხალავა პოლიტიკოსებსა და მინისტრებს მოუწოდებს, კონკრეტული ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში გამოძიებას ჩვენება მისცენ.  

როგორც "ინტერპრესნიუსს" ირაკლი ფირცხალავამ განუცხადა, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმე სწრაფად გამოსაძიებელია.

"რა თქმა უნდა, ეს არის საშინელი ფაქტი. მე, როგორც ყოფილი სამართალდამცველი, მთელი ცხოვრება მივუძღვენი კრიმინალთან ბრძოლას. ეს არის კრიმინალის მწვერვალი, რაც მოხდა. ეს არის აუცილებლად სწრაფად გამოსაძიებელი და ეს პიროვნებები არიან აუცილებლად დასასჯელები. ჩვენ ვთქვით, რომ კომენტარს არ გავაკეთებდით გამოძიების დამთავრებამდე. საზოგადოებას მოვუწოდეთ, რომ თავი შეეკავებინათ. ეს რატომღაც ყურად არ იღეს პოლიტიკოსებმა და ზოგიერთმა მინისტრმა. შესაბამისად, უკვე გააკეთეს განცხადებები. პირდაპირ ხაზს უსვამენ, რომ რაღაც კავშირს ხედავენ ამ საქმეებს შორის. მინდა მოვუწოდო მათ, თუ მათ რამე აქვთ მსგავსი ინფორმაცია, ვალდებულები არიან მივიდნენ და საგამოძიებო ორგანოს ჩვენება მისცენ, თუ არადა, ხალხის ნერვებზე თამაშს და ხალხით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ყველამ თავი დაანებოს. პრესკონფერენციებით არ იხსენება საქმეები. პოლიტიკოსები გუშინდელიდან დაწყებული, დღევანდელით დამთავრებული რაღაც საქმეებს აკავშირებენ. ყველა შერლოკ ჰოლმსი გახდა ახლა. თუ ვინმეს რამე კონკრეტული ინფორმაცია გააჩნია ამ ქვეყანაში, გინდა პოლიტიკოსი და გინდაც მინისტრი იყოს, მივიდნენ და გამოძიებას მისცენ ჩვენება, რომ რაც შეიძლება უსწრაფესად მოხდეს ამ საქმის გახსნა", - აღნიშნა ირაკლი ფირცხალავამ.