საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა გამართეს. პარლამენტში გამართულ შეხვედრას გიორგი ბადაშვილის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დავით უსუფაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აღნიშნული დანაშაულის უსწრაფესი გახსნის, ისევე, როგორც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიების დასრულების დიდ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე.
მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ დღეისათვის ზურა და იური ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეების გამოვლენა საქართვლეოს პროკურატურის ნომერი პირველი პრიორიტეტია და საამისოდ მობილიზებულია ქვეყნის მთელი სამართალდამცავი სისტემა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ამ საზარელი დანაშაულების ჩამდენ მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემა, არამედ ძალადობის ამგვარი აქტების გამომწვევი და ხელისშემწყობი ფაქტორების საფუძვლიანი ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა.