კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას მკვიდრნი იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გურამ ბარამიძემ "ინტერპრენიუსს" განუცხადა, სოფელი ეჭვობს, რომ ვიღაცას ვაზაგაშვილის მკვლელობა განზრახ ჰქონდა დაგეგმილი.
"ეს ადგილობრივის გაკეთებული არ არის. ეს "იქედანაა" ჩაწყობილი. იცოდნენ, რომ ეს კაცი თავისი შვილის სასაფლაოზე ხშირად მოდიოდა და მოუწყვეს – მოწყობილი საქმეა. იურიმ შვილის საქმე ბოლომდე მიიყვანა. ჩვენი ეჭვი ასეთია, რომ წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ვიღაცას ეს ამბავი და განზრახ მოუწყო. შვილის გამო იწვალა საწყალმა და მიზანს რომ მიაღწია, ისიც დაასამარეს. ვის რა დაუშავა? შვილი მოუკლეს და ჩიოდა, აბა არ უნდა ეჩივლა?" - განაცხადა გურამ ბარამიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სოფელში გამომძიებლები დღესაც იმყოფებოდნენ. ბარამიძის თქმით, პროკურატურის წარმომადგენლები მასაც გაესაუბრნენ.
"დღეს ჩემთანაც იყვნენ, შემეკითხნენ და დაწერეს რაღაც-რაღაცები", - აღნიშნა გურამ ბარამიძემ.
"ინტერპრესნიუსი" სოფლის კიდევ ერთ მკვიდრს, დომენტი გიგოლაშვილსაც ესაუბრა. მისი განცხადებით, გუშინ გორის პროკურატურაში 16-20 ადგილობრივი დაკითხეს, მათ შორის ისიც.
"ცუდად ვიყავი და სახლში ვიწექი აფეთქების ხმა რომ გავიგე. მაგრამ მოგვიანებით აივნიდან შევნიშნე, რომ სასაფლაოსკენ ბევრი ხალხი მირბოდა. ზევით რომ ავედი, პოლიცია იქ შესვლის უფლებას არავის აძლევდა. რაც მოხდა სხვებისგან გავიგე. ეს მოვუყევი გამომძიებლებს. მკითხეს, რა მოხდა და როგორო. კიდევ მკითხეს, ხომ არ შეგინიშნავთ უცხო პირი სასაფლაოზეო. არავინ შემინიშნავს. სასაფლაო კი არის ახლოს, მაგრამ სულ სასაფლაოსკენ ხომ არ ვიყურები?" - განაცახადა დომენტი გიგოლაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სოფლის ზოგიერთი მცხოვრები, მათ შორის ქალი, რომელიც ზურა ვაზაგაშვილის სასაფლაოს ყოველ დილით ასუფთავებდა, ასევე დაკითხეს. "ინტერპრესნიუსმა" ქალთან გასაუბრება სცადა, თუმცა მათი სახლის ჭიშკარი ბოქლომითაა დაკეტილი.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.