ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იური ვაზაგაშვილის ცხედრის ექსპერტიზა გრძელდება

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იური ვაზაგაშვილის ცხედრის ექსპერტიზა გრძელდება

თბილისში, სამსახარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იური ვაზაგაშვილის ცხედრის ექსპერტიზა გრძელდება. 

როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა, ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს. 

"გარდაცვლილი გადასვენებულია პროზექტურაში, მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. დღესდღეობით, გამოკვეთილი ბოლომდე არ არის სურათი, მაგრამ წინასწარი კვლევის შედეგებზე შეიძლება რაღაც წარმოდგენა გვქონდეს," - განაცხადა ექსპერტმა.

თავად ალთუნაშვილი ოჯახის ადვოკატ გაგი მოსიაშვილთან ერთად პროკურატურაში იმყოფებდნენ, სადაც იური ვაზაგაშვილის პირადი ავტომობილი დაილუქა. 

გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს საკუთარი შვილის საფლავზე. 

"მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი დაილუქა და ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება," - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.