ნანა კაკაბაძე - იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები დაიწყება

ნანა კაკაბაძე - იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები დაიწყება

იური ვაზაგაშვილის ახლობლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და თანამებრძოლები საპროტესტო აქციებს იწყებენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ განუცხადა, ამ აქციებით გააპროტესტებენ ხელისუფლების უმოქმედობას იური ვაზაგაშვილის შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებაში. 

"ეს აქციები, რა თქმა უნდა, მიმართული იქნება დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლებას რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე გამოეძიებინა, იური ვაზაგაშვილის მიმართ ასეთ რამეს ვეღარ იზამდნენ. ადამიანი ნაღმზე ააფეთქეს და ტერორისტული აქტი მოუწყვეს საკუთარი შვილის საფლავზე. ამაში დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის სწორედ ამ უმოქმედობით და ის ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა", - განაცხადა კაკაბაძემ. 

მისივე თქმით, საპროტესტო აქციები სავარაუდოდ დღეიდან დაიწყება. ამასთან, როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, იური ვაზაგაშვილს ახალი მასალები ჰქონდა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რაც ძალიან ბევრ რამეს გახდიდა ნათელს. 

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.