კახი კახიშვილი - ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ ამ ქვეყანაში სიმართლისთვის არ კვდებიან

კახი კახიშვილი - ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ ამ ქვეყანაში სიმართლისთვის არ კვდებიან

ამდენი წლის კაცი ვარ და დამბურძგლა ამ ფაქტმა, - ასე ეხმაურება სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, კახი კახიშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს. 
კახი კახიშვილის თქმით, თუ დადასტურდა მისი აფეთქების შემთხვევა, დამნაშავეები უმკაცრესად უნდა იქნენ დასჯილები, რათა ადამიანებს ჰქონდეთ გარანტია, რომ ამ ქვეყანაში სიმართლისთვის არ კვდებიან. 

"თუ ეს სიმართლეა, ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული მართლმსაჯულებას გადაურჩებიან. როდესაც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით სამართლიანობის აღდგენაზე, ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს წერტილი უნდა დაესვას. ასეთ ტრაგედიებს საქართველოში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. სიმართლე გითხრათ, ამდენი წლის კაცი ვარ, დიდი გამოცდილება მაქვს პროკურატურაში და სასჯელაღსრულების სისტემაში ინფორმაციებთან დაკავშირებით. მე დამბურძგლა ამ ფაქტმა. იმედს ვიტოვებ, რომ უმოკლეს ვადაში ეს დანაშაული იქნება გახსნილი და დამნაშავეები კანონის ჩარჩოში, მაგრამ ძალიან მკაცრად დაისჯებიან იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ადამიანებს ჰქონდეთ გარანტია, რომ სიმართლისთვის არ კვდებიან ამ ქვეყანაში", - განაცხადა კახი კახიშვილმა. 

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.