ზურაბ ადეიშვილი კონსულტაციებს აძლევს ევროკავშირის სულ მცირე ორი ქვეყნის მთავრობას

ზურაბ ადეიშვილი კონსულტაციებს აძლევს ევროკავშირის სულ მცირე ორი ქვეყნის მთავრობას

ზურაბ ადეიშვილი უკრაინის მთავრობის გარდა კონსულტაციებს აძლევს ევროკავშირის სულ მცირე ორი ქვეყნის მთავრობას, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ყოფილმა ქართველმა მაღალჩინოსანმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე, გია გეწაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კონსულტაციების მიზნით ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში ჩადის ხოლმე. "ზურაბ ადეიშვილი ჩართულია ერთ-ერთ გუნდში, რომელიც მუშაობს ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე, რამდენადაც ვიცი, ექსპერტის რანგში. რაც შეეხება მის დანიშვნას, ეს ინფორმაცია მე არ მაქვს. ვიცი, რომ გამოცხადებულია კონკურსი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ვერ გეტყვით ამ პოსტზე ზურა ადეიშვილის კანდიდატურა განიხილება თუ არა, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ის კონსულტაციებს აძლევს უკრაინის მთავრობას და არა მხოლოდ უკრაინის მთავრობას, ის კონსულტაციებს აძლევს ევროკავშირის სულ მცირე ორი ქვეყნის მთავრობას. ასე რომ, საქართველოში ის ძებნილია, თუმცა, მეორე მხრივ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს კონსულტაციებს აძლევს და მთავრობები მას უსმენენ", - განაცხადა გეწაძემ.