მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, გამოძება 109-ე მუხლით იმ ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც იური ვაზაგაშვილი სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.
შოთაძე ყარაფილას სასაფლაოზე, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე გამოძების ამ ეტაპზე ვერსიებზე საუბრისგან თავს იკავებს.
„ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერსიებზე ვერ ვილაპარაკებ. ეს გამოძიების მიმდინარეობას დააზიანებს. ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარდება და გაირკვევა, დღეს აქ რა მოხდა. ხომ არ მიუძღვის ვინმეს ბრალი ამ ფაქტში, რასაც იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება მოჰყვა. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაც კი არაა დაწყებული. მიმდინარეობს განაღმვითი სამუშაოები“, - განაცხადა შოთაძემ.
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ასევე აცხადებს, რომ მას იური ვაზაგაშვილთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რადგან გარდაცვლილი, ადვოკატებთან ერთად შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული.
შოთძე ასევე აღნიშნავს, რომ ეს არა მხოლოდ ერთი ოჯახის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.
„მე პირადად სიტყვა მივეცი ბატონ იურის, რომ მისი შვილის საქმეზე დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებოდნენ და მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ აღნიშნული საქმე ბოლოშია მიყვანილი და ყველა პიროვნება, ვისაც ბრალი მიუძღვის კონკრეტულად მისი შვილის გარდაცვალებაში, კანონის სრული სიმკაცრით აუცილებლად აგებს პასუხს“, - განაცხადა შოთაძემ.
რაც შეეხება პროკურატურის მუშაობის მიმართ იური ვაზაგაშვილის პრეტენზიებს, შოთაძის თქმით, ვაზაგაშვილს, მისი შვილის საქმის გამოძიების გამო პროკურატურის მიმართ უკმაყოფილება არ ჰქონია.