ბოლო პერიოდში საქართველოდან სამუშაოდ ევროპაში გადახვეწილ ქართველებს მუდმივად არ უმართლებთ. ჯერ იყო და ბერძნული კრიზისი დაატყდათ თავს, რომელმაც იტალიურ-ესპანური კრიზისიც გამოიწვია. ამ ქვეყნებში ქართველი მიგრანტების რაოდენობა შემცირდა, შესაბამისად, საქართველოში მათ კმაყოფაზე მყოფ ოჯახებს ცუდი დღე დაადგათ.
ახლა კი არანაკლები საშიშროება არსებობს, ოღონდ უკვე თურქეთის მიმართულებით. ბავშვმაც კი იცის, რომ ყველაზე მეტი ქართველი სამუშაოს და დღიური სარჩოს მოსაპოვებლად სწორედ ჩვენს მეზობელ ქვეყანაშია გახიზნული. ჰოდა, სულ რაღაც ერთ კვირაში მეზობელად მეტად მზაკვრულ კანონს აამოქმედებენ და ქართველ მიგრანტებს მორიგი თავსატეხი გაუჩნდებათ. გამორიცხული არ არის, თურქეთთან სხვადასხვა საქმიანობით (სამსახური, ბიზნესი, მომსახურება) დაკავშირებული ათასობით ადამიანი სანახევროდ მაინც ჰაერში აღმოჩნდეს.
რატომ სანახევროდ? 1-ლი თებერვლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის მასობრივად დატოვება მოუწევთ. ქვეყანაში უვიზოდ გაჩერება 90 დღით იქნება შესაძლებელი, ხოლო განმეორებით შესვლისთვის კიდევ 90 დღე უნდა გავიდეს. გამოდის, რომ სამუშაოდ წასულმა ქართველებმა წლის ნახევარი სამშობლოში უნდა გაატარონ, მეორე ნახევარი კი - თურქეთში.
მეზობელ სახელმწიფოს მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრება საქართველოს მოქალაქეების ნაწილისთვის მტკივნეული იქნება. “ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის” განცხადებით, საუბარია მათზე, ვინც თურქეთიდან ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.
თურქეთი საქართველოდან მოსახლეობის მიგრაციის კუთხით ხეთეულშია. ცენტრის ექსპერტს დავით ნარმანიას იმედი აქვს, რომ თურქული მხარე გარკვეულ დათმობაზე წავა, რადგან საქართველო თურქეთისთვის სტრატეგიული პარტნიორია.
ოფიციალური ცნობებით, 2011 წლის დეკემბერში თურქეთიდან 2,3 მილიონი დოლარის გზავნილები შემოვიდა. თურქეთი იმ 11 ქვეყანას შორისაა, რომლებზეც გზავნილების 91% მოდის. ამასთან, ეს ქვეყანა ქართველი მიგრანტების ყველაზე ხელმისაწვდომი და იოლი თავშესაფარია. ოფიციალური სტრუქტურებს არ გაანიათ ზოგადი სტატისტიკაც კი, თუ რამდენი მოქალაქეა წასული სამუშაოდ თურქეთში.
“ზუსტი მონაცემები არ არსებობს. რამდენი ადამიანი გადადის თურქეთში ეს მონაცემები სასაზღვრო პოლიციას ექნება, თუმცა მათი მაჩვენებელი მაინც არ მოგვცემს ზუსტ სურათს, თუ რამდენი საქართველოს მოქალაქე იმყოფება თურქეთში, ვინაიდან ნაწილი, ვინც საქართველო-თურქეთის საზღვარს კვეთს, თურქეთის გავლით მესამე ქვეყანაში გადადის.
თუმცა, თურქეთი შედის იმ ქვეყნები ხუთეულში, სადაც ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა სამუშაოდ წასული. ქართველები სეზონურად მუშაობენ ანტალიაში, სტამბულსა და სხვა ქალაქებში, სამ თვეში ერთხელ ჩამოდიან და ისევ სამუშაოდ ბრუნდებიან”, - აცხადებს დემოგრაფი ავთო სულაბერიძე.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში თურქეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გადაჭარბებულს უწოდებენ. კომიტეტში განმარტავენ, რომ შარშან თურქეთთან სავიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა მხოლოდ პირადობის მოწმობითაც შეუძლიათ. მართალია, პირველი თებერვლიდან გარკვეული შეზღუდვები შემოდის და ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს.
თურქულ მხარესთან მოლაპარაკება უკვე გაიმართა და გადაწყდა, რომ ორი მხარე სამუშაო რეჟიმში ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგაგებას მიაღწევს იმისათვის, რომ მოქალაქეებს დაბრკოლება არ შეექმნათ. როგორც ჩანს, მოლაპარაკება მოლაპარაკებად დარჩება და გადაწტყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიღებული არ იქნება.
1222
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85