მედიაგაერთიანება „სოლიდარობა - მედიის თავისუფლებისთვის“ მემორანდუმზე 14-მა მედიასაშუალებამ მოაწერა ხელი

მედიაგაერთიანება „სოლიდარობა - მედიის თავისუფლებისთვის“ მემორანდუმზე 14-მა მედიასაშუალებამ მოაწერა ხელი

დღეს მედიაკავშირ ობიექტივის დიდ დარბაზში ახალი მედიაგაერთიანების „სოლიდარობა- მედიის თავისუფლებისთვის“ მემორანდუმზე 14-მა მედიასაშუალებამ მოაწერა ხელი. მათ შორის, იყვნენ შემდეგი გამოცემები: „ალიაჰოლდინგი“, „რეზონანსი“, ინტერნეტგამოცემა „Presage.tv“, მედიაკავშირი „ობიექტივი“, „მედიაპალიტრა“, „ასავალ-დასავალი“, რადიოკომპანია „საქართველოს ხმა“, ტელეკომპანია „საქართველოს ხმა“, გაზეთი „ვერსია“, ჟურნალი „ღია ბოქლომი“, „ბანკები და ფინანსები“, ტელეკომპანია „მაესტრო“, რადიოკომპანია „მაესტრო“.

ახალი მედიაგაერთიანების დახმარებით, მასში გაწევრიანებულ მედიასაშუალებებს შესაძლებლობა ექნებათ, ხელისუფლების მხრიდან უკანონობის, ზეწოლის ან თავდასხმის შემთხვევაში, ერთობლივად იმოქმედონ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საერთაშორისო ასპარეზზე. ისინი ერთობლივად დაგეგმავენ საპროტესტო აქციებს  და ხმას მიაწვდენენ მსოფლიო ავტორიტეტულ ორგანიზაციებს. მათ შორის, ევროსტრუქტურებს, უფლებადაცვით და ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა ოფისებიც განთავსებულია ბრიუსელში, სტრასბურგში, პარიზსა და ჟენევაში.

„ჩვენ დავიცავთ ერთმანეთს. ამ მედიაგაერთიანების ძალას იგრძნობს ყველა, ვინც მედიის წინააღმდეგ  უკანონობას ჩადის,“ - აცხადებს მამუკა ღლონტი, რომელსაც ახალი მედიაორგანიზაციის დაფუძნების იდეა ტელეკომპანია „მაესტროში“ შექმნილი პრობლემების დროს გაუჩნდა.

„საქართველოში 2003 წლიდან დღემდე ხელისუფლება მიზანმიმართულად ზღუდავდა და ზღუდავს თავისუფალი მედიასაშუალებების (ტელე-რადიო და ინტერნეტმაუწყებლები, გაზეთები, ჟურნალები, საინფორმაციო პორტალები) საქმიანობას და დამოუკიდებელი მასმედიის კონტროლის მიზნით იყენებდა და იყენებს ფინანსური, ფსიქოლოგიური, მორალური და პოლიტიკური ზეწოლის მეთოდს,“ - აცხადებენ მედიაგაერთიანების წევრები და თანხმდებიან, რომ მემორანდუმზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში დააფუძნონ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც პირადი სურვილის საფუძველზე გაწევრიანდება ქვეყანაში მოქმედი ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება, მათი უშუალო მფლობელების, გამომცემლების, რედაქტორებისა და ჟურნალისტთა კორპუსის მონაწილეობით. 

მედიაგაერთიანების დამფუძნებლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტული მედიასაშუალება მოსაწონია თუ არა, ან აქვს თუ არა ვინმეს მის მიმართ კრიტიკული განწყობა. მთავარია, უკანონობასთან ბრძოლა ორგანიზებული გახდეს. ისინი თანხმდებიან, რომ რომელიმე ერთ მედიასაშუალებაზე თავდასხმა დანარჩენებზე თავდასხმად აღიქვან. ამასთან, გაერთიანება სოლიდარობის პრინციპით დაიცავს მხოლოდ მასში შემავალ ორგანიზაციებს. ხოლო არაწევრი მედიაორგანიზაციის დაცვის თაობაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს.

მედიაგაერთიანებაში გაწევრიანების მსურველთათვის გაკეთდება სპეციალური კლიპი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროზე“ იტრიალებს, ხოლო მედიასაშუალების წარმომადგენლებს, რომლებსაც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი ექნებათ, შეეძლებათ, დარეკონ ნომრებზე: 593 73 55 00 და 599 78 09 03.

მემორანდუმზე საბოლოო ხელმოწერა მოხდება 2012 წლის 1-ელ თებერვალს, დღის 13.00 საათზე, მედიაკავშირ „ობიექტივის“ დიდ დარბაზში. იმ მედიასაშუალებას, რომელსაც მედიაგაერთიანებაში გაწევრიანების სურვილი 1-ელი თებერვლის შემდეგ გაუჩნდება, მხოლოდ გაერთიანებაში შემავალი მედიასაშუალებების ერთობლივი შეთანხმების შემდეგ ექნება ამის უფლება. ამასთან, გამოყენებულ იქნება ვეტოს პრინციპი, ანუ გაერთიანებაში შემავალი ერთი რომელიმე მედიაორგანიზაციის უარის შემთხვევაში, ახალ წევრს აღარ მიიღებენ. ორგანიზაციიდან წევრთა გარიცხვის საკითხი კი ხმათა უმრავლესობით გადაწყდება.

მემორანდუმთან შემოერთების შემდეგ კონკრეტული მედიასაშუალებები დააფუძნებენ პროფილურ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც შეიმუშავებს წესდებას, დააკომპლექტებს ორგანიზაციულ სტრუქტურას და განახორციელებს საქმიანობას. Presage.tv-ი მემორანდუმზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა.  

„მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ ცალ-ცალკე მყოფი მედიაორგანიზაციები, ხშირ შემთხვევაში, ხმას ვერ აწვდენენ მსოფლიოს ავტორიტეტულ ორგანიზაციებს.

„ამ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ მედიასამყარო მეტად ორგანიზებული გახდება. ერთია, როდესაც განცხადებაზე ხელს აწერს ერთი რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალება და მეორეა, როდესაც ამაზე ხელს აწერს უამრავი გამოცემა, ტელეკომპანია, რადიოკომპანია თუ სხვა. ჩვენი მთავარი დანიშნულებაა,  ორგანიზებული, კოორდინირებული და სწორი მიმართულება მივცეთ საპროტესტო აქციებს, განცხადებების გავრცელებას და სხვა“, - აცხადებს მამუკა ღლონტი.

მისი თქმით, ის შემთხვევა, რომელიც ტელეკომპანია „გურიაში“ მოხდა, ტელევიზიებში, რადიოებში, პრესაში ამტყდარი ერთკვირიანი მცირე აჟიოტაჟის შემდეგ რატომღაც მიწყნარდა. სინამდვილეში კი, მსგავსი საკითხები არ უნდა დასრულდეს მანამ, სანამ მიზანი მიღწეული არ იქნება.

„ეროსი კიწმარიშვილი რომ გადმოძვრა ღობეზე, ასეთ ქმედებებს ეს გაერთიანება ვერ გაასაჩივრებს, გაერთიანებამ უნდა იბრძოლოს არა კონკრეტული დავების, არამედ იმ უკანონობის წინააღმდეგ, რომელსაც ჩადის ხელისუფლება. ჩვენს შემთხვევაში, მედიაგაერთიანება გააპროტესტებდა პოლიციის უმოქმედობას, უკანონობას, სასამართლოს არასწორ გადაწყვეტილებას. იმავე რეპორტიორებთან მიმართებით, წესით, ეს საქმე დღემდე არ უნდა იყოს დასრულებული. ჩვენ მოგვიანებითაც უნდა გაგვეპროტესტებინა ის განაჩენი, რომელიც მათ გამოუტანეს, რადგან ისინი თავისუფლებაზე კი გამოვიდნენ, მაგრამ მორალურად ისევ ციხეში დარჩნენ“, - გვითხრა მამუკა ღლონტმა.

Presage.tv-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი როზი ჯღამაია აცხადებს, რომ მედიაგაერთიანებაში შემავალი ორგანიზაციები სრულიად თავისუფლები არიან და ერთმანეთს შეზღუდვას არ უწესებენ. თუმცა, როცა ერთ მათგანს საფრთხე შეექმნება, ყველა ერთიანდება.

„უახლოეს ხანში დაფუძნდება არასამთავრობო ორგანიზაცია, შემდეგ კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებთ, რა მიმართულებით იმუშავებს ეს მედიაორგანიზაცია. მას  საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფი ეყოლება, რომელიც კონკრეტულად იმუშავებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ყველა იმ ორგანიზაციასთან, ვისთანაც მუშაობას საჭიროდ ჩათვლის. რაც შეეხება მასშტაბებს, დღეს საკმაოდ ბევრი მედიასაშუალება იყო წარმოდგენილი. ვფიქრობთ, სხვებიც შემოგვიერთდებიან“, - აცხადებს როზი ჯღამაია.

„რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, მედიამ თავად უნდა დაიცვას საკუთარი თავი.

„თუ საკუთარ თავს არ დავიცავთ, სხვა რატომ დაგვიცავს? აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მედიასაშუალებები გარკვეულ პრინციპებზე შეთანხმდნენ. ვთვლი, რომ ეს ნორმალური პროცესია, როცა სხვადასხვა მედიას საერთო დაცვის ინტერესები აქვს. მით უმეტეს, იმ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით. ამ ორგანიზაციის ეფექტური ქმედებისთვის თავად მედიები, ალბათ, თავიანთი საწევროებიდან გადაიხდიან თანხას. აქ სერიოზულ დაფინანსებაზე, ცხადია, არ არის საუბარი“, - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

„ალია ჰოლდინგის“ დამფუძნებლის გიორგი ბრეგვაძის აზრით, მედიაგაერთიანების მემორანდუმზე ხელმოწერა იმ ერთიანობის დაფიქსირებაა, რაც მედიასამყარომ ამ  ნახევარი წლის წინ განახორციელა.

„დღეს ჩვენი სურვილებისა და მიზნების ოფიციალურად დაფიქსირება მოხდა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის მომენტი ჯერ სიტყვიდან გამომდინარეობს და შემდეგ ხელმოწერით ფიქსირდება. თუ ადამიანი ან ორგანიზაცია სიტყვას არ ასრულებს, იმან გინდა მოაწეროს ხელი,  გინდა - არა, მნიშვნელობა არ აქვს“, - აცხადებს გიორგი ბრეგვაძე.

რაც შეეხება იმას, თუ ზოგიერთი მედიასაშუალება რატომ იკავებს თავს  მედიაგაერთიანის წევრობისგან და რა გარანტია აქვთ, რომ სამომავლოდ პრობლემები მათაც არ შეექმნებათ, გიორგი ბრეგვაძე მიიჩნევს: „გარდა დაცვისა, აქ არის სერიოზული ვალდებულება და საჭიროება, რომ შენ უნდა იყო ბრძოლისუნარიანი, უნდა გქონდეს ენთუზიაზმი, აზრი, რათა ბრძოლაში ჩაება. მახსოვს, ზაფხულში, ჩვენი ფოტორეპორტიორის ამბის დროს, ყველა არ იყო იქ მოსული, მაგრამ ვისაც  შეგრძნება და მორალის კოდექსი ჰქონდა, ის გამოჩნდა. ახლა ჩვენ არანაირი ხელშკრულება არ გვქონია დადებული, მაგრამ ისედაც მივდიოდით ერთმანეთთან და ვუჭერდით მხარს. ამიტომ მთავარია ჯერ სიტყვა და მერე ხელმოწერა“, - მიიჩნევს გიორგი ბრეგვაძე.

ამასთან, „ალია ჰოლდინგის“ დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლები ჯერ შორიდან უყურებენ სიტუაციას და მოგვიანებით შეუერთდებიან.

„ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს ეს დრო. არც ეს არის პრობლემა, რომ მერე შემოგვიერთდნენ ან მერე დაინახონ“. 

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა 14 მედიაორგანიზაციის მიერ ახალი მედიაგაერთიანების დაფუძნების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერას მიესალმება.

„სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ მოწოდებული და ორიენტირებული იქნება საქართველოში მედიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ეს ორგანიზაცია შექმნილია პრინციპით - ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. ანუ, თუ მედიაორგანიზაციაში შემავალი რომელიმე მედიასაშუალების მიმართ ხელისუფლების ან სხვა რომელიმე დაჯგუფების მხრიდან ძალადობა იქნება, ყველა მედიაგაერთანება ერთმანეთის დასაცავად დადგება. სხვა მედიასაშუალებებსაც აქვთ ვადა, 1-ელ თებერვლამდე შეუერთდნენ ამ მემორანდუმს“, - აცხადებს ჯაბა ხუბუა.

მისი თქმით, ყველა მედიასაშუალება, ვინც ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელია, ამ მედიაგაერთიანებას უნდა შეუერთდეს. „ამ ქვეყანაში შეიძლება, ყველას დასჭირდეს დახმარება, თუნდაც იმავე სახელისუფლო მედიასაშუალებებსაც კი. არავინ იცის, რა მოხდება“.