გაზეთი „ასავალ-დასავალი" გარდაცლილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ყოფილ პირად ექიმს, ნოდარ ბოხუას სახელობის სისხლისძარღვთა და გულის ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზურაბ ფაღავას ესაუბრა, რომელმაც, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერ-მინისტრს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა. 2005 წლის 3 თებერვალს პროფესორი ზურაბ ფაღავა გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ცხედართან არ მიუშვეს.
„ღამით დამირეკა სახელმწიფო დაცვის სამედიცინო სამსახურის უფროსმა გია ცანავამ - ზურა დაიღუპა, როგორც ჩანს, უბედური შემთხვევა მოხდაო. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ზურას უცაბედი გარდაცვალება, ძალიან შევშფოთდი, სამი დღის წინათ მყავდა ნანახი, ჯანმრთელი იყო... მე და გია შემთხვევის ადგილზე მივედით (დაახლოებით დილის ექვსის ნახევარზე, ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში გათენდა), ხალხი უკვე შეგროვილიყო. შევედით სადარბაზოში, მაგრამ ბინაში შესვლა რომ დავაპირეთ, მისმა დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ შეგვაჩერა, ცოტა ხანს მოითმინეთო. შემდეგ ოთახში შევიდა და უკან გამობრუნებულმა გვითხრა - ჯერ კრიმინალისტები უნდა მოვიდნენო... რადგან არც კრიმინალისტების მოსვლის შემდეგ შეგვიშვეს, სახლში წავედით, ხოლო ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ უკვე ტელევიზიით მოვისმინე", - განაცხადა ფაღავამ.