სსრკ-ს დაშლიდან 20 წელი გავიდა. საქართველოს მგზნებარედ პრო-დასავლური მთავრობა საბჭოთა კავშირს რეპრესიულ დიქტატურად მიიჩნევს და ცდილობს მისი მემკვიდრეობა აღმოფხვრას.
მაგრამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციას, ალბათ, დისკომფორტს უქმნის ის ფაქტიც, რომ სსრკ-ს ყველაზე ცნობილი ლიდერი იოსებ სტალინი წარმოშობით ჯუღაშვილი იყო და 1878 წელს პროვინციულ ქართულ ქალაქში, გორში დაიბადა.
2010 წელს ხელისუფლებამ აიღო სტალინის უზარმაზარი ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც 1952 წლიდან იდგა გორის მთავარ მოედანზე.
მაგრამ იმავე მოედანზე პირქუში სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც სავსეა ყოფილი საბჭოთა ლიდერის ძველი პორტრეტებით, ფოტოსურათებით და სამახსოვრო ნივთებით, ტურისტების მოსაზიდად, ისევ ღიაა და გზაზე, რომელზეც ეს მუზეუმი დგას, ისევ ნახავთ წარწერას ”სტალინის გამზირი”.
რამდენიმე ათეული პენსიონერი აქ ყოველ წელს მოდის საბჭოთა კავშირის ყველაზე ცნობილი ლიდერის მოსაგონებლად, მაგრამ მათი ნოსტალგია წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის პოზიციასთან, რომლის თანახმადაც სტალინი მასობრივი მკვლელობის ავტორია, ხოლო სსრკ რეპრესიული რეჟიმი, და მას 7 ათეული წლის მანძილზე ოკუპირებული ჰყავდა საქართველო.
“საბჭოთა კავშირის დაშლა მართლაც საზეიმო რამაა, უდიდესი ისტორიული მოვლენა, რომელმაც საქართველო გაათავისუფლა,” ამბობს პარლამენტარი მმართველი პარტიიდან, პეტრე ცისკარიშვილი.
წელს მიღებული კანონით, საბჭოთა სიმბლოების საჯაროდ გამოყენება და ყოფილი კომუნისტებისა და სუკის ჩინოვნიკების თანამდებობაზე დანიშვნა იკრძალება. დაწესდა ასევე ”საბჭოთა ოკუპაციის დღე” – ამ დღეს აღინიშნება წითელი არმიის ინტერვენცია საქართველოში 1921 წელს, რის შედეგადაც დამოუკიდებელი საქართველო იძულებით შეიყვანეს სსრკ-ში.
”მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა მისი მჩაგვრელის სიმბოლოებისგან გავათავისუფლოთ,” ამბობს ცისკარიშვილი.
ეს განწყობა უკიდურეს კონტრასტშია საქართველოს ყოფილი საბჭოთა პატრონის, მოსკოვის განწყობებთან. რუსეთის ლიდერები სსრკ-ს ისე ეთაყვანებიან, როგორც უდიდეს ქვეყანას, რომელსაც თანამედროვე სამყაროში ანალოგი არა ჰყავს.
საქართველოს ხელისუფალნი ღიად აცხადებენ, თუ როგორი ტიპის გმირი ურჩევნიათ – მათ გასულ წელს თბილისში აშშ-ს პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ძეგლი აღმართეს და თბილისშივე მთავარ ქუჩას აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის სახელი ჰქვია.
მაგრამ ზოგიერთი ანალიტოკოსის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ცდილობს ნატოში გაწევრიანებას და ევროპასთან უფრო მჭიდროდ ინტეგრირებას, საბჭოთა ყაიდის ცნობიერებიდან დასავლურ მენტალიტეტზე გადასვლისათვის პატარა კავკასიურ ქვეყანას დრო დასჭირდება.
”საქართველო, როგორც სახელმწიფო და მისი მთავრობაც მთლიანად გაემიჯნა საბჭოთა მემკვიდრეობას. მაგრამ მენტალიტეტის დონეზე საბჭოთა მემკვიდრეობა ჯერ ჩანს საზოგადოებაშიც და ცალკეულ პიროვნებებშიც”, ამბობს თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანამშრომელი.
კრემლის მმართველობა საქართველოში 1991 წელს დასრულდა, მაგრამ საქართველოს ყოფილ მებატონეებს იმაში სდებენ ბრალს, რომ მას შემდეგ, რაც ორი პრომოსკოვური მემაბოხე პროვინცია მოსწყდა, საქართველოს და რუსეთს 2008 წელს საქართველოსთან ხანმოკლე ომი ჰქონდა, ისინი რეგულარულად ცდილობენ კონტროლის დაბრუნებას.
”მენტალურად და პოლიტიკურად რუსეთი ვერ ურიგდება იმ ფაქტს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და მუდმივად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ჩვენს სუვერენიტეტს,” ამბობს პარლამენტარი პეტრე ცისკარიშვილი.
მაგრამ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი საქართველოს ისტორიის გადაწერის მცდელობაში სდებს ბრალს, იმაში, რომ ქართველები ნაჩქარევად ცდილობენ სსრკ-ს აჩრდილების გაძევებას.
”ეს კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხების მეხსიერებიდან ამოშალონ ხსოვნა მათი საერთო წარსულისა და გმირული ისტორიის შესახებ,” განაცხადა პუტინმა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 2009 წელს დაანგრია მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა მემორიალი.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტის, შარაშენიძის მტკიცებით ”საქართველოში საბჭოთა წარსულის ნოსტალგია არ არსებობს”, ზოგიერთი პენსიონერი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სიღატაკეში აღმოჩნდა, დღესაც თბილად იხსენებს კომუნისტურ პერიოდს და იმჟამინდელ სოციალურ სისტემას.
წელს, დიქტატორის პატარა აგურის სახლთან, იქ, სადაც მან ბავშვობა გაატარა, დაახლოებით 70 მოხუცებული კომუნისტი შეიკრიბა იმ კაცის გასახსენებლად, რომელსაც ისინი ”დიდ სტალინს” უწოდებენ. მათ თან წითელი დროშები, თაიგულები და მათი კერპის პორტრეტი მოჰქონდათ.
„რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის დაშლა ტრაგედია იყო. ჩვენ სოციალიზმის დროს კარგად ვცხოვრობდით, უკეთესად, ვიდრე ახლა,” ამბობს ადგილობრივი კომუნისტი მერაბ კირთაძე.
მაგრამ მცირერიცხოვან ქართველ კომუნისტებს არც პოლიტიკური გავლენა შერჩათ და არც ხალხის მხარდაჭერა. სტალინის ასაკოვანი მხარდამჭერები, რომლებიც ყოველ წელს იკრიბებიან გორში, სულ უფრო მეტად ემსგავსებიან იმ წარსულის რელიქტებს, რომლის უკან მოტოვებაც უნდა მათ ქვეყანას.
მათთვის საბჭოთა პერიოდი ოქროს ხანაა, ხოლო მათი თანამემულე ძლევამოსილი და გამარჯვებული ლიდერი.
”სსრკ დიდებული იმპერია იყო, ხოლო სტალინი მისი უდიდესი გმირი,” განაცხადა მერაბ კირთაძემ დიქტატორის დაბადების დღის აღნიშვნისას. ”ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მის სახელს და ყოველთვის დავაფასებთ მის ხსოვნას.”
foreignpress.ge
884
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85