სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა უარი თქვა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიწვევაზე, მონაწილეობა მიეღო გალიპოლის ბრძოლის ასი წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას მოუწოდა, თავდაპირველად თურქეთმა 1916 წლის სომეხთა გენოციდი აღიაროს.
"როცა მსოფლიოს მშვიდობის მოწოდებებს უგზავნით, გირჩევთ, არც ის დაგავიწყდეთ, რომ სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდოთ", - ნათქვამია სერჟ სარგსიანის მიერ თურქეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ საპასუხო მიმართვაში.
გალიპოლის ბრძოლის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაში რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მსოფლიოს 100-ზე მეტი ლიდერი მიიწვია.
1915 წლის თებერვალში ინგლის-საფრანგეთის ესკადრამ ოსმალეთის პორტები დაბომბა. 18 მარტს კი მისი მცდელობა, შეჭრილიყო შავ ზღვაში, მარცხით დასრულდა, რის შემდეგაც გალიპოლის დაპყრობა დესანტის საშუალებით სცადეს. საბოლოოდ, თურქებმა მოკავშირეების ძალებს სძლიეს. გალიპოლის ოპერაციის შედეგად, რომელიც ასევე ცნობილია დარდანელის ოპერაციის სახელით, მოკავშირეებმა 145 ათასი, თურქულმა მხარემ კი 186 ათასი მებრძოლი დაკარგა.