იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შეფასებით, არასწორია საუბარი იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ უნდა ჰქონდეს. წულუკიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის პოლიტიკური ნომინაცია და მისი დანიშვნა პოლიტიკური პროცესია.
როგორც წულუკიანმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა, ყველა იმ პირს, რომლებიც სათუო კანდიდატებად დასახელდნენ, აქვს პოლიტიკურ პროცესთან კავშირი და ყველა მეტ-ნაკლებად ჩართულია პოლიტიკაში.
"თუ გვინდა ისეთი ადამიანი, რომელიც საერთოდ არ ყოფილა პოლიტიკურ პროცესთან გაკარებული, ასეთს უმრავლესობა არ მისცემს ხმას, რადგან მას უნდა იცნობდეს. უმრავლესობა არ იცნობს მას, ვინც არასდროს ყოფილა თანამდებობაზე, საზოგადოებრივ სექტორში და პოლიტიკურ პროცესთან კავშირში", - განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს პოლიტიკურად ლოიალური პირი და უნდა შეირჩეს ადამიანი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, შეუვალი ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირისგან და იქნება მართლმსაჯულების დაცვის გარანტი.