პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახით, წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, მართლმსაჯულების დირექტორი არ უნდა იყოს მოძებნილი.
როგორც დავით უსუფაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც კაბინეტში დაჯდება და 200-ზე მეტი მოსამართლის უფროსი იქნება.
"როგორც კი ამას მოვინდომებთ, ყველაფერს დავანგრევთ. სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული მოსამართლის დამოუკიდებლობა, კონკრეტული მოსამართლის საქმეში ჩაურევლობა. ამიტომ სუპერმენი და სუპერვუმენი კი არ გვიჭირდება, რომ მან ერთმა იუფროსოს, არამედ გვჭირდება ძალიან ნორმალური, ძალიან პატიოსანი, ძალიან პროფესიონალი ადამიანი, რომელიც თავისი ავტორიტეტით მოახდენს გავლენას სასამართლოზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება პრეზიდენტთან კონსულტაციებს, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ თვალსაზრისით ორი უკიდურესი პოზიცია გამოიკვეთა – ერთი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხზე არავის უნდა დაელაპარაკოს და მეორენი, რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტმა მასთან შეუთანხმებლად კანდიდატურის დასახელება არ უნდა გაბედოს.
"საკითხი, ვისთან როგორი კონსულტაცია ექნება პრეზიდენტს, პრეზიდენტის გადასაწყვეტია. პრეზიდენტის თანამდებობაზე გვყავს გონიერი ადამიანი, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლებამოსილება არ წამოუდგენია გართობად, შანტაჟის ინსტრუმენტად, პოლიტიკურ თამაშად. ის თავად სწორად გადაწყვეტს ვისთან კონსულტაციებით შეარჩიოს კანდიდატურა, ვისი აზრი იკითხოს, ვის შესახებ მოიკითხოს ინფორმაცია. ეს იქნება ჯანმრთელი პროცესი", - აცხადებს უსუფაშვილი.