საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაზით მოწამლული დედა და მისი ორი შვილი გადაარჩინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში დარეკა მცირეწლოვანმა ბავშვმა და ითხოვდა დახმარებას. მან მხოლოდ ქუჩა მიუთითა, თუმცა ვერ შეძლო კონკრეტულად სადარბაზოს და სართულის დასახელება. ამის შემდეგ სატელეფონო კავშირი გაწყდა. ბავშვმა ასევე ვერ მოასწრო იმის თქმა, თუ რა სახის დახმარება სჭირდებოდა.
"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ პოლიციის მაიორი მერაბ ბეჟანიშვილი და მისი მეწყვილე - პოლიციის კაპიტანი ზაზა ნოდია, შეტყობინების მიღებისთანავე მივიდნენ მითითებულ მისამართზე, თუმცა არ იცოდნენ რა სახის შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე.
მათ მეზობლების დახმარებით შეძლეს მოეძებნათ ბავშვის საცხოვრებელი ბინა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, კარს არავინ აღებდა, არც ტელეფონის ზარს პასუხობდნენ, ბინიდან კი გაურკვევლი ხმები გამოდიოდა.
სამართალდამცველები სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და სამაშველო სამსახურს დაუყოვნებლივ დაუკავშრდნენ. ამასობაში კარს მიღმა ხმები თანდათან შეწყდა. ამიტომ პატრულ-ინსპექტორმა ზაზა ნოდიამ მიიღო გადაწყვეტილება და მაშველების მოსვლამდე ბინაში აივნიდან შეაღწია. იქ მას სამი უგონოდ მყოფი ადამიანი, ქალბატონი და მისი ორი შვილი დახვდა. ისინი სავარაუდოდ გაზით იყვნენ მოწამლულები. პატრულ-ინსპექტორმა სასწრაფოდ გაანიავა ოთახი. რამდენიმე წუთში მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და დროულად მოხერხდა სამივე დაზარალებულის გადარჩენა. ამ დროისთვის მათ ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.