ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში თანამდებობების დატოვებას თვითონ არ აპირებენ, - ამის შესახებ ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საკადრო ცვლილებები მოხდება.
კითხვაზე, შეეხება თუ არა საკადრო ცვლილებები "თავისუფალ დემოკრატებს", ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ ეს კითხვა უნდა დაუსვათ უმრავლესობის წარმომადგენლებს.
ჩვენთვის, "თავისუფალი დემოკრატებისთვის", თანამდებობა კარგად იცის ყველამ, რომ ყველაზე ნაკლებს ნიშნავს. ყველაზე მთავარია პრინციპი, კვალიფიციური კადრები და საქმის კეთება. აქედან გამომდინარე, ეს ალბათ უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკურად შინაგანი განწყობის მიხედვით. ჩვენ ჩვენი ნებით ამ ბერკეტის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებთ გამომდინარე იქიდან, რომ არ გვინდა ანალოგიური შეცდომები გავიმეოროთ, რომელიც წინა პარლამენტის დროს ხდებოდა. ამ პოლიტიკური საპარლამენტო ბერკეტის არგამოყენება პირიქით, უფრო დამაზიანებელი იქნება. თუკი უმრავლესობა ამას გადაწყვეტს, მათ მოუწევთ 76 ხმის დაგროვება და ამას პროცესი გვაჩვენებს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ და აღნიშნა, რომ "თავისუფალი დემოკრატებისთვის" მთავარი არის საქმე და არა თანამდებობა.