საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, სავსებით ლოგიკურია, რომ წინა პლანზე უკრაინის საკითხზე წამოიწია, რადგან ამ ქვეყანაში ომია.
ამის შესახებ ბერუჩაშვილმა ილიას უნივერსიტეტში სტუდენტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხის უკანა პლანზე გადაწევას ეხებოდა.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო არ გამქრალა საერთაშორისო რადარებიდან. ქართული დიპლომატიის სამუშაო საგანს საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია წარმოადგენს“, - განაცხადა მინისტრმა და ამის მაგალითად მოიყვანა ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსეთის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია.
მისი თმით, არ დარჩენილა არც ერთი ფორმატი, სადაც ეს საკითხი არ განხილულა და ამ თემას მყისიერი რეაგირება მოჰყვა როგორც ეუთო-ს, ევროკავშირის, გაერო-ს, ასევე მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
„ეს თემა ქართული დიპლომატიის ყოველდღიური სამუშაოა. არავინ არის მიამიტი, რომ ამას მყისიერი შედეგი მოჰყვება, ეს არის პროცესი“, - განაცხადა თამარ ბვერუჩაშვილმა.
ცნობისთვის, მინისტრმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად ილიას უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა.
მათ სტუდენტების შეკითხვას უპასუხეს. ერთ-ერთი შეკითხვა კი სტუმრებს საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მამუკა კუდავამ დაუსვა.