"თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში დაკავებული თანამდებობების დატოვებას არ ვაპირებთ

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში დაკავებული თანამდებობების საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვებას არ აპირებენ.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვა იმის შესახებ მოუწევთ თუ არა "თავისუფალ დემოკრატებს" პარლამენტში დაკავებული თანამდებობის დატოვება, უმრავლესობისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მათ ხელშია.

"ჩვენ როგორც განვაცხადეთ, არ ვაპირებთ სერიოზული საპარლამენტო ბერკეტების ხელიდან გაშვებას, ამიტომ კითხვა, უმრავლესობისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან მათ შეუძლიათ 76 ხმით საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების გადაყენება. "თავისუფალ დემოკრატებს" თანამდებობების პრობლემა არ გვაქვს. აქ საუბარია იმ პოლიტიკურ ბერკეტებზე რაც ჩვენ გაგვაჩნია", - განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების პარლამენტებში მთელი რიგ კომიტეტებს სწორედ ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.

როგორც დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მოსალოდნელია ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური და საკადრო გადაწყვეტილების მიღება.

ერთ-ერთი ვერსიით, ეს განცხადება შესაძლოა ოპოზიციაში წასულ "თავისუფალ დემოკრატებს" უკავშირდებოდეთ, რომელთა სამი წევრი ვიქტორ დოლიძე, დავით ონოფრიშვილი და გიორგი ცაგარეიშვილი კომიტეტების თავმჯდომარეები არიან.