ქართველი მეზღვაურების შესახებ საბერძნეთში საქართველოს საკონსულო ინფორმაციას ავრცელებს

ქართველი მეზღვაურების შესახებ საბერძნეთში საქართველოს საკონსულო ინფორმაციას ავრცელებს

საკონსულო კომპანია "Western Mediterranean Shipping S.A." წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომლის 5 ხომალდზეც დასაქმებული 23 ქართველი მეზღვაური ბენინის სანაპიროსთან იმყოფება.

კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ხუთი გემიდან სამი უკვე მომარაგებულია საკვებით, დანარჩენ ორს, დღეს დღის განმავლობაში მიეწოდება სურსათი.

რაც შეეხება ხელფასებს და მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების საკითხს, კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იანვრის ბოლომდე მოგვარდება ფინანსური პრობლემები, რის შემდეგაც კომპანია უზრუნველყოფს მეზღვაურებისთვის ხელფასების გადახდასა და ეტაპობრივად მათ სამშობლოში დაბრუნებას.

ამასთან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს ერთი მოქალაქე ხელის მოტეხილობით, გემ "DIAS"-დან გადაიყვანეს საავადმყოფოში, რის შემდეგაც იგი სამშობლოში გამოემგზავრა. ასევე,  გემ "DIAS"-ის კიდევ ერთი მეზღვაური უახლოეს პერიოდში გეგმავს სამშობლოში დაბრუნებას. ასევე, ხომალდ "ASTERIS"-დან, გამოიყვანეს ორი ქართველი მეზღვაური, რომლებიც ამჟამად განას დედაქალაქ აგრაში იმყოფებიან.

მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი შეხვედრას განას საელჩოში გამართავს.

შეგახსენებთ, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დაუკავშირდნენ აფრიკაში, კოტონოუს ნავსადგურში მყოფ გემზე მომუშავე ქართველი მეზღვაურები და გემზე არსებული პრობლემების შესახებ აცნობეს. მათი განცხადებით,  გემი იმყოფება ერთ-ერთი ბერძნული კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ, რომელსაც შეექმნა ფინანსური პრობლემები და აქვს ეკიპაჟის რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება.