პატრიარქის და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი და ევროკომისრის თანმხლები პირები დაესწრნენ.
ილია მეორემ მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და იმ პროცესის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვითარდება. პატრიარქმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას და გამოთქვა მადლიერება იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს მიმართ გამოხატავენ.
შეხვედრაზე დამსწრე პირებმა ასევე იმ წვლილის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ეკლესიას შეაქვს რელიგიათშორისი ურთიერთობის განმტკიცების საქმეში ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის ფორმატში.
თავის მხრივ, იოჰანეს ჰანიმ ისაუბრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად მისი უწმიდესობის გამორჩეულ როლზე საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში და დასძინა, რომ ბრიუსელში კარგად იცნობენ საქართველოს მწყემსთავრის საქმიანობას, დიდად აფასებენ მას და ზოგადად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ევროკომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს ევროკავშირში ინტეგრირების პროცესს.