გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იქამდე შენარჩუნდება, ვიდრე არსებობს მიზეზები, რისთვისაც რუსეთს სანქციები დაუწესდა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ს განუცხადა.
როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, თუ უკრაინაში არსებული ვითარება უცვლელი დარჩება, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ივნისში, გერმანიაში გასამართ "დიდი შვიდეულის" სამიტზე კვლავ არ მიიწვევენ.
"დიდი შვიდეული", რომელიც მანამდე "დიდი რვიანი" იყო, ყოველთვის იყო გაერთიანება, რომლის წევრებსაც საერთო ღირებულებები აერთიანებდათ. ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი კი არ წარმოადგენს საერთო ღირებულებებს", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
გუშინვე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მონაწილეებმა უნდა შეასრულონ მინსკის მოლაპარაკებებით აღებული ვალდებულება. გერმანიის კანცლერი და აშშ-ის პრეზიდენტი ასევე შეთანხმდნენ უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე.