ბელგიაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა

ბელგიაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა

ბელგიაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. "ბიბისის" ინფორმაციით, გუშინ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, რომლის დროსაც პოლიციამ ორი ისლამისტი ტერორისტი მოკლა, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გაიზარდა. 

ბელგიელი პროკურორის ერიკ ვან დერ სიპტის განცხადებით, ტერორიზმის საფრთხის დონემ ქვეყანაში მესამე დონეს მიაღწია. ბელგიაში ტერორისტული საფრთხის განმსაზღვრელი ოთხი დონე არსებობს. 
"ბიბისის" ცნობით, არსებული საფრთხის გამო, ანტვერპენსა და ბრიუსელში ებრაულმა დიასპორებმა ებრაული სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. 

გერმანიის საზღვართან ახლოს, ბელგიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვერვიერში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, გუშინ პოლიციამ ორი ტერორისტი გაანადგურა. 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ტერორისტები ბელგიაში სირიიდან დაბრუნდნენ და პოლიციის შენობებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. სპეცოპერაციისას დაშავდა მესამე ტერორისტი, რომელიც პოლიციამ დააკავა.