გიუმრიში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად 15-მდე ადამიანი დაშავდა

გიუმრიში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად 15-მდე ადამიანი დაშავდა

სომხეთის ქალაქ გიუმრიში, რუსეთის საკონსულოსთან, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 პოლიციელია. 
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება, ორ პოლიციელს კი ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. 

რუსეთის საკონსულოსთან შეკრებილი დემონსტრანტები ადგილობრივი ხელისუფლებისგან იმის დადასტურებას მოითხოვდნენ, რომ ავეტისიანების ოჯახის დახოცვაში ეჭვმიტანილმა რუსმა სამხედრომ ვალერი პერმიაკოვმა სომხეთის ტერიტორია დატოვა. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ, რომ რუსი სამხედრო სომხეთის საგამოძიებო იზოლატორში გადაეყვანათ.

სომხური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს ერევანშიც, სადაც ადგილობრივები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ, რათა პატივი მიეგოთ ავეტისიანების ოჯახის დაღუპული წევრებისთვის. 

12 იანვარს გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრი მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის სამხედრო ვალერი პერმიაკოვია.