საქართველო არის ევროპული გზის ერთგული და ევროკავშირის სანდო პარტნიორი

საქართველო არის ევროპული გზის ერთგული და ევროკავშირის სანდო პარტნიორი

საქართველოს მთავრობა სერიოზულად ემზადება მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის. ჩვენი ამოცანაა, სამიტზე წარვდგეთ კონკრეტული შედეგებით და საქართველო არის ევროპული გზის ერთგული და ევროკავშირის სანდო პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე იოჰანეს ჰანთან შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმებს გაუსვა ხაზი. "ასოცირების შეთანხმების ეფექტური განხორციელება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, საქართველოს ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს პროცესი ემსახურება საქართველოს და ქართველი ხალხის კეთილდღეობას, ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას. ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასა და ამოცანებთან.

გასული წლის სექტემბერში შეთანხმების დროებითი ამოქმედებიდან ოთხი თვის თავზე ჩვენ უკვე გვაქვს პირველი შედეგები. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ევროკავშირთან მთელი რიგი პროდუქციით ვაჭრობაში, მათ შორის გაიზარდა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. ასევე მნიშვნელოვანია რიგის სამიტისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ტექნიკური სამუშაოს წარმატებით დასრულება. ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისია მიიღებს დადებით რეკომენდაციას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, თუმცა, არ მინდა, წინასწარ ვისაუბროთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.