ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 44 მილიონი ევროს გრანტი საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში დაეხმარება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება მადლობელია ევროკავშირის მიერ დღემდე გაწეული მასშტაბური დახმარებისთვის.
"ჩვენ მადლობელნი ვართ ევროკავშირის მიერ დღემდე გაწეული მასშტაბური დახმარებისთვის. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ დღეს ევროკომისართან ერთად ხელი მოვაწერეთ საფინანსო შეთანხმებას 44 მილიონი ევროს გრანტის გამოყოფის შესახებ. შეთანხმების მიზანია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა. ევროკავშირის აღნიშნული დახმარება ასევე მიმართული იქნება კერძო სექტორის განვითარებისა და მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის, ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების დანერგვისკენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ევროკავშირი საქართველოს კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენს რეფორმების წარმატებით განსახორციელებლად. "ველოდებით, რომ მომავალში ევროკავშირი კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას აღმოგვიჩენს რეფორმების წარმატებით განსახორციელებლად. 2014-2017 წლებში მივიღებთ 410 მილიონი ევროს დახმარებას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.