პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა ფიქრობს, რომ 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადება, ძალიან ბევრ პოზიტიურ შედეგს მოიტანს.
როგორც მაკა ჩიჩუამ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პოლიტიკაში ქალების მეტი ჩართულობა აუცილებელია. მისივე თქმით, ქალის ბუნება არის ძალიან ტოლერანტული, მშვიდი, მზრუნველობით სავსე, რასაც დიდი პოზიტივი მოაქვს.
"ვთვლი, რომ ყველა ქალი მაქსიმალურად მაღალ თანამდებობაზე უნდა იყოს და ზოგადად მთელი ქვეყნისთვის იქნება ეფექტური, რომ ქალები მუშაობდნენ პოლიტიკური საქმიანობით და მეტი აქტივობა იყოს ქალების. მიხარია, რომ ეს წელი გამოცხადდა ქალების წლად და ვთვლი, რომ ეს ბევრ პოზიტიურ შედეგს მოიტანს", - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. ქალთა საკითხებზე მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში ისაუბრა, სადაც ცნობილ ქალბატონებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სამხედრო მოსამსახურე ქალბატონები.