საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. ქალთა საკითხებზე მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში ისაუბრა, სადაც ცნობილ ქალბატონებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სამხედრო მოსამსახურე ქალბატონები.
პრეზიდენტმა საქართველოში შარშან ქალთა მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა და მას შოკისმომგვრელი რეალობა უწოდა. მარგველაშვილის თქმით, წელს არის 20 წელი პეკინის დეკლარაციიდან, როდესაც მთელმა კაცობრიობამ გაიაზრა გენდერული უთანასწორობის სირთულე და 20 წლის წინ განსაზღვრა ამ საკითხის გადაჭრის გეგმა. მისივე განცხადებით, სწორედ იმ სირთულეებიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება დგას, მან აუცილებლად მიიჩნია, რომ 2015 წელი ქალთა წელი ყოფილიყო.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი აქტიურად ითანამშრომლებს ყველა იმ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებული იქნება საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის აღმოფხვრასთან და მონიტორინგს გაუწევს ასეთ ფაქტებს. პრეზიდენტის განცხადებით, ძალადობა აღმასრულებელი ხელისუფლების მოსაგვარებელი საკითხია, მაგრამ სანამ ვითარება მივა ძალადობამდე, მანამ მთელი საზოგადოების აქტიურობა და პროპაგანდაა საჭირო. მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით საჭიროა პარლამენტის გააქტიურებაც და მზად არის ამ ნაწილშიც აქტიურად ითანამშრომლოს საკანონმდებლო ორგანოსთან.
პრეზიდენტის აზრით, ამ პრობლემიდან ამოსავალი არის ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში. "პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუჭერს მხარს, რომ მეტი ქალბატონი არა მხოლოდ ემსახურებოდეს ჩვენს ქვეყანასა და ოჯახებს და უკეთეს ქვეყანას ქმნიდეს, არამედ გადაწყვეტილებებს იღებდნენ ყველაზე მაღალ დონეზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.