„მე ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ასეთი დიდი წარმატება გვხვდა წილად“

„მე ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ასეთი დიდი წარმატება გვხვდა წილად“

ასე გამოეხმაურა მსახიობი გიორგი ნაკაშიძე „მანდარინების“ მოხვედრას „ოსკარის“ ნომინანტთა შორის. როგორც მან „პირWელს“ განუცხადა, ეს ქართული კინოს სერიოზული წარმატებაა.

„მე ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ასეთი დიდი წარმატება გვხვდა წილად. ჯერ „გლობუსის“ ნომინაციაში ვიყავით ხუთეულში, ახლა „ოსკარის“ ნომინანტთა ხუთეულში ვარ. ეს არის მართლაც სერიოზული წარმატება ქართული კინოსათვის. შემდეგ რა იქნება მომავლის ამბავია, მაგრამ უკვე იმხელა წარმატებაა მსოფლიოს მასშტაბით „ოსკარების“ ხუთეულში ყოფნა, რომ გახარებული ვარ ძალიან. ვულოცავ მთელს საქართველოს, ესტონეთს და შემოქმედებით ჯგუფს“, - განაცხადა ნაკაშიძემ.

მსახიობს „მანდარინების“ მთავარი კონკურენტის დასახელება გაუჭირდა.

„ვერ გეტყვით, ვინაა მთავარი კონკურენტი. ხუთივე ძალიან მაღალი კლასის ფილმია. მათი პლიუსები და მინუსები ჟიურის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემთვის ხუთივე ფილმი ძალიან სერიოზული ფასეულობის და ღირებულების მატარებელია. ასე რომ, არც მინდა რომელიმე გამოვყო“, - აღნიშნა ნაკაშიძემ.

გიორგი ნაკაშიძე „მანდარინებში“ ერთ-ერთ მთავარ - ახმედის როლს ასრულებს.

ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში „ოსკარზე“ ნომინირებულთა შორის დღეს დასახელდა. მასთან ერთად უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში დასახელდნენ: „იდა“ პოლონეთიდან, „ლევიათანი“ რუსეთიდან, „ტიმბუკტუ“ მავრიკიადან და „ველური ისტორიები“ არგენტინიდან. "მანდარინები" ქართულ-ესტონური პროექტია და „ოსკარზე“ ის ესტონეთის სახელით არის წარგენილი.