საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აჭარის მუსლიმური ლიდერების მიმართვის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მონაწილეობით, ბათუმში სასულიერო სასწავლებლის (მედრესეს) განთავსების მიზნით შენობას შეისყიდის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს ასევე, თვის ბოლომდე მოხდება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციის შენობის შესყიდვა, რომელიც მუსლიმ თემს გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის "ორთა ჯამეში" გამოათავისუფლებს დამატებით ფართს, რომლის რეორგანიზაციის შედეგად ბათუმის მეჩეთში ღია ცის ქვეშ ლოცვის პრობლემა მოიხსნება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები აჭარის მუსლიმთა თემის სულიერ ლიდერებს დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ გააცნო.
მთავრობის ადმინისტრაციის აზრით, აჭარის მუსლიმი თემის მიმართვის დაკმაყოფილებასთან ერთად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს კეთილი ნება, რომლის თანახმად, კომუნისტურ პერიოდში მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურება მოხდება. "აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მუსლიმ სასულიერო პირებს საშუალება მისცა, მიეღოთ ფინანსური რესურსი, როგორც რელიგიური მსახურების წარმართვის, ისე პრობლემების ნაწილობრივ მოგვარების მიზნით", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეჩეთების გადაცემის პროცესი. ამასთან, სახელმწიფო უახლოეს მომავალში დააზუსტებს აჭარაში მოქმედი იმ მეჩეთების ნუსხას, რომლებიც, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, შესაძლოა სამართავად მუსლიმ თემს გადაეცეს.