ქართველები სანაგვეში ცხოვრებას უნდა გადავეჩვიოთ

ქართველები სანაგვეში ცხოვრებას უნდა გადავეჩვიოთ

ქართველები სანაგვეში ცხოვრებას უნდა გადავეჩვიოთ, - ასე ეხმაურება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი "ნარჩენების მართვის კოდექსის" ძალაში შესვლას, რომლის ერთ-ერთ სიახლეს გარემოს დაბინძურებისთვის გაზრდილი ჯარიმების ამოქმედება წარმოადგენს.

"ქართველები სანაგვეში ცხოვრებას უნდა გადავეჩვიოთ, ხოლო თუ სანაგვეში ცხოვრების გადაჩვევა არ გვინდა, მაშინ ვიცხოვროთ საგანგვეში - ავიღოთ და მრავალსართულიანი სახლების ფანჯრებიდან გადმოვყაროთ ნაგავი იქ, სადაც ჩვენი შვილები იზრდებიან. ამ მხრივ ჯარიმების გაზრდა მნიშვნელოვანია, არის პრევენციაც იმისთვის, რომ გარემო ისე აღარ დაბინძურდეს, როგორც ბინძურდება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ცაგარეიშვილმა.

დეპუტატის ინფორმაციით, გარემოზე ზედამხედველობის სამსახურმა გასულ წელს 10 ათასზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აქტი შეადგინა, გამოავლინა 400-ზე მეტი სისხლის სამართლის დანაშაული. ცაგარეიშვილის განცხადებით, აღნიშნულ სამსახურს 117 შტატი დაემატა და ის ახალი კანონის პირობებში, გაორმაგებული ძალისხმევით იმუშავებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ გარემოს დაბინძურების ფაქტების გამოვლენაში მათ დაეხმარებიან პატრულის და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული სამსახურების თანამშრომლები.

"ნარჩენების მართვის კოდექსი" ორი წლის განმავლობაში მზადდებოდა, რომლის ფარგლებშიც ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმები შეიქმნა. ამ სფეროში მართლაც ევროპული კანონმდებლობა მკვიდრდება, რომელიც გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმების ამოქმედების გარდა, ითვალისწინებს ნაგავსაყრელების კონსერვაციას, დახურვას, სიტუაციის გაჯანსაღებას, მყარი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, განახლებადი ენერგიის წყაროების მოძიებას და ასე შემდეგ", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

"ნარჩენების მართვის კოდექსი" დღეიდან ძალაში შევიდა.

კანონის მიხედვით, ჯარიმების მინიმალური ოდენობა _ 50 ლარით, მაქსიმალური ოდენობა კი, 5 000 ლარით განისაზღვრება.